სამართალი
აქციაზე 11 პირი ადმინისტრაციული წესით დავაკავეთ - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, "ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთად" სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. მათივე ცნობით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.

შსს-ს მტკიცებით, "მიუხედავად არაერთი მოწოდებისა" აქციის მონაწილეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები. უწყებაში ამბობენ, რომ შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის
ცენტრში. მათივე თქმით, ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი.

,,კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და წევრებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", - წერია შსს-ს განცხადებაში.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სპეციალური საშუალება გამოიყენა. გავრცელებულ კადრებში ჩანდა დაშავებული ადამიანები, რომლებიც თვალებს ფიზიოლოგიური ხსნარით ირეცხავდნენ, ასევე ჩანდა ფერადი სითხით დასვრილი სპეცრაზმელების აღჭურვილობა.

სახალხო დამცველმა მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უსაფრთხო გარემოში და ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის პლენარული სხდომა შეიძლება, გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა).

პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით:

  • კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები;
  • მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით;
  • მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები.
საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. "აგენტების კანონის" მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული.
| Print |