სამართალი
"ჩემს საკუთრებას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავ"- აბასთუმანში მიწის ნაკვეთზე დავა გრძელდება
ახალციხის რაიონულ სასამართლოში, აბასთუმანში სადაო ნაკვეთის საქმეზე, მზია კბილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე სამი მოწმე გამოიკითხა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ სადაო მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა ნაგებობა მზია კბილაშვილის კუთვნილებაა. სასამართლო სხდომას მოპასუხე მხარე არ დასწრებია, მოწმეების გამოკითხვის შემდეგ კი მოსამართლემ, შემდეგი პროცესი 20 ნოემბერს 12:00 საათზე ჩანიშნა.

მზია კბილაშვილის თქმით, მოწმეების გამოკითხვა დასრულებულია, ამიტომ მოსამართლე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს თუ გადაიდება არ იცის.

ვარხანში მცხოვრები მზია კბილაშვილი მესამე წელია დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვს. ამბობს, რომ ოჯახის საკუთრება - 1200 კვადრატული მიწის ნაკვეთი, რომელიც აბასთუმანში, რუსთაველის ქ.#8-ში მდებარეობს სახელმწიფომ სასამართლო დავის დროს გაყიდა. მიწის ნაკვეთს შენობა-ნაგებობით, მზია კბილაშვილის მამა გივი კბილაშვილი 1993 წლიდან ფლობს. მამის გარდაცვალების შემდეგ მზია კბილაშვილმა ქონების გადაფორმება მოინდომა, თუმცა აღმოჩნდა, რომ 90-იან წლებში აბასთუმანში დამწვარი არქივის გამო, დოკუმენტაცია აღარ არსებობდა. თითქმის 30 წლიანი მფლობელობის შემდეგ, სასამართლო დავაში მყოფი 1200 კვადრატული მიწის ნაკვეთი აუქციონზე გაიყიდა და მისი მფლობელი ვილა აბასთუმანი გახდა.


| Print |