აქციებზე ადმინისტრაციული წესით 224 პირი, სისხლის სამართლის კოდექსით კი 3 პირია დაკავებული - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად, გასულ ღამეს ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 21-მა თანამშრომელმა. დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.
უწყების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების განმავლობაში ჯანმრთელობის დაზიანება ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტროს 113-მა თანამშრომელმა მიიღო, მათგან 4 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
"მსგავსად წინა დღეებისა მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, აქციის მიმდინარეობის დროს, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი პროვოკაციულ ქმედებებს. საზოგადოება თვალს ადევნებდა მოძალადე ჯგუფები როგორ აზიანებდნენ პარლამენტის შენობას და რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ინფრასტრუქტურას. გვიან ღამით აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე არსებული მუნიციპალური ქონება და კერძო პირთა საკუთრება დააზიანეს, დაზიანებული ნივთების მეშვეობით აღმართეს ბარიკადები და ცეცხლი წაუკიდეს გარკვეულ ნივთებს.
გვსურს საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს"- აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის, დაუმორჩილებლობის ფაქტზე დაკავებული პირების შესახებ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაკავებულია ჯამში 224 პირი.
დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმის წარმოება დასრულდა 74 პირის მიმართ. დასრულებული 74 საქმიდან, 36 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა;34 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა; 4 პირის მიმართ გამოყენებული იქნა შენიშვნა. დანარჩენი პირების მიმართ სასამართლოებში გრძელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმის წარმოება.