ნინოწმინდაში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
18:41 / 14.02.2017
ნინოწმინდაში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის საქმეზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მტკიცებულებების განხილვა და მოწმეთა დაკითხვა დაასრულა.
მომდევნო სხდომებზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნით სიტყვებს წარადგენენ.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ მხარეთა მიერ მომზადებული წერილობითი მტკიცებულებები განიხილა. პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა დეტალურად ისაუბრა არმენ მარკარიანის დაკავების, დაკითხვის, ექსპეტიზის დასკვნის, სატელეფონო ზარების ამონაწერის, მკვლელობის იარაღის დათვალიერების, სლოტ–კლუბის ვიდეო ჩანაწერისა და სხვა მტკიცებულებების ოქმებზე.
დღესვე სასამართლომ ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების საკითხს გადახედა. მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილებით, არმენ მარკარიანი საპატიმროში რჩება.
ნინოწმინდელ არმენ მარკარიანს ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება. 2016 წლის 6 ივნისს, ორ მეგობარს შორის დაწყებული კამათი არშალუის სანოსიანის გარდაცვალებით დასრულდა. დაცვის მხარის მტკიცებით, მკვლელობა აუცილებელი მოგერიებისას მოხდა.