მარკარიანმა მეგობარს დანა რამდენჯერმე დაარტყა - პროკურორი მამუკა ქომოშვილი
20:46 / 01.03.2017
ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში სხდომა გაიმართა.
ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარადგინა.
მამუკა ქომოშვილმა არმენ მარკარიანისა და არშალუის სანოსიანის შეკამათების, შემდეგ კი ერთ–ერთი მათგანის მკვლელობის დეტალები აღწერა.
შემთხვევა 2016 წლის 6 ივლისს მოხდა. არმენ მარკარიანმა არშალუის სანოსიანი და სლოტკლუბის მიმტანი საკუთარ მანქანაში ჩაისვა. პროკურორის თქმით, მარკარიანი სანოსიანს აგდებით ესაუბრებოდა, რაც ერთადერთი მოწმის სოფია მანუკიანის ჩვენებიდანაც დასტურდება. მანუკიანის სახლში მიყვანის შემდეგ, ისინი საქმის გასარჩევად გაემართნენ. ოვსეფიანის ქუჩაზე, არშალუის სანოსიანმა ავტომობილი გააჩერა და არმენ მარკარიანს გადასვლა მოსთხოვა. პროკურორის თქმით, სანოსიანმა ხელი გაარტყა, და მარკარიანი დაეცა. წამოდგომისას მან სანოსიანის ხელში დანა შენიშნა, რომელიც ადგომის შემდეგ მოუქნია, თუმცა, ბრალდებულმა მას ცივი იარაღი წაართვა. პროკურორის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ არშალუის სანოსიანი საფრთხეს აღარ წარმოადგენდა, არმენ მარკარიანმა შურისძიების ნიადაგზე, მეგობარს დანა რამდენჯერმე დაარტყა.
მამუკა ქომოშვილმა ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა და განზრახ მკვლელობის მუხლით გათვალისწინებული სასჯელის შეფარდება მოითხოვა.
სასამართლო დაცვის მხარის სიტყვას 7 მარტს მოისმენს, რის შემდეგაც მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი არმენ მარკარიანს განაჩენს გამოუტანს.