ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომელი, ადმინისტრაციას უჩივის.
ნანა მერაბიშვილი გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, დაკავებულ პოზიციაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს, რომელიც დაახლოებით, 9 000 ლარს შეადგენს.
ნანა მერაბიშვილი, რომელსაც კომპლექსში მოლარის პოზიცია ეკავა, ახალციხის ციხიდან 2015 წლის პირველ იანვარს გაათავისუფლეს. ადმინისტრაცია ამის მიზეზად, სუბსიდიის შემცირებას ასახელებს და განმარტავს, რომ მერაბიშვილის გარდა, სამსახურის დატოვება კიდევ რამდენიმე პირს მოუწია.
მოსამზადებელი სხდომა 2 მარტს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. სამოქალაქო სარჩელს მოსამართლე შალვა მჭედლიშვილი განიხილავს.
ეს მესამე შემთხვევაა, როცა ახალციხის ციხეს თანამშრომელი იგივე მიზეზითა და მოთხოვნით უჩივის. ეკატერინე დგებუაძისა და ჯუნა ნათენაძის სარჩელი, მათ სასარგებლოდ დასრულდა.