სამართალი
მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული განაჩენის მოლოდინში
ახალციხის რაიონულ სასამართლოში, მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი გაიმართა. სხდომაზე დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა მოისმინეს. ადოკატმა აღნიშნა, რომ არმენ მარკარიანს მკვლელობის განზრახვა არ ჰქონდა. იგი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა და თავს იცავდა.

რევაზ კაჭკაჭაშვილმა ორსაათიან სიტყვაში არმენ მარკარიანისა და არშალუის სანოსიანის შეკამათების, შემდეგ კი სანოსიანის სიკვდილის დეტალები აღწერა. ადვოკატმა ისიც აღნიშნა, რომ არმენ მარკარიანი მეგობრებს შორის კონფლიქტის ინიციატორი არ იყო და ფიზიკური დაპირისპირებაც გარდაცვლილმა დაიწყო.

რევაზ კაჭკაჭაშვილის სიტყვას, გარდაცვლილის ახლობლების უკმაყოფილება და პროცესზე ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ ორი მათგანი დარბაზიდან გააძევა.

გარდაცვლილის ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ მარკარიანი მარტო არ მოქმედებდა. ისინი თანამზრახველის დადგენას მოითხოვენ.

პროკურორმა მოსამართლეს რეპლიკისთვის სხდომის გადადება მოსთხოვა. გოჩა ჯეირანაშვილი ბრალდებულს განაჩენს სავარაუდოდ, 14 მარტს გამოუტანს.

არმენ მარკარიანს ბრალი სსკ–ის 108–ე განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი, რაც შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 6 ივნისს მოხდა. არმენ მარკარიანმა თავისივე მეგობარს არშალუის სანოსიანს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი ნინოწმინდის საავადმყოფოში მიიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

| Print |