სამართალი
პატრულის მიერ მძღოლების დაჯარიმებას, მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა
ახალციხეში, მოქალაქეების პროტესტი საპატრულო პოლიციის მიერ, სამი მძღოლის დაჯარიმებას მოჰყვა. რუსთაველის ქუჩაზე, მე–5 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, პატრულის ეკიპაჟმა 10-ლარიანი ჯარიმა ტაქსისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოუწერა. პოლიციელებმა მძღოლებს განუმარტეს, რომ პარკირება ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს განახორციელეს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ აღნიშნულ ადგილზე მანქანის გაჩერების ამკრძალავი ნიშანი არ დგას და აქ დგომისთვის პოლიციას არასდროს არავინ დაუჯარიმებია.

ერთ–ერთი მძღოლი, ჯარიმის გასაჩივრებას აპირებს. ამისთვის მას 10–დღიანი ვადა აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ეკიპაჟმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით" იხელმძღვანელა, რომლის მიხედვით, გაჩერება აკრძალულია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მაჩვენებლიდან, 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.

მძღოლები კი ამბობენ, რომ ისინი გაჩერებიდან მოშორებით იდგნენ და ავტობუსს გადაადგილებისას ხელს არ უშლიდნენ.

| Print |