სამართალი
ახალციხის სასამართლომ ვეტერანებს გამოსახლება და ბაჟის გადახდა დააკისრა
პეტრე იბერის ქუჩის 17 ნომერში მდებარე შენობაში უკანონოდ მცხოვრები ვეტერანებისა და ახალციხის მერიის სამოქალაქო დავა დასრულდა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მათი გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო და თითოეულ ოჯახს, 120 ლარის ოდენობით, ბაჟის გადახდა დააკისრა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებენ თავად ვეტერანები. მათი თქმით, შენობას ვერ დატოვებენ, რადგან სხვა წასასვლელი არ აქვთ და უსახსრობის გამო ვერც ბაჟის თანხას გადაიხდიან.

მოპასუხე მხარის ადვიკატი ივანე ტატალაშვილი აცხადებს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ვეტერანების უფლებადამცველის თქმით, მათი შენობიდან გამოსახლება ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების გარეშე არ შეიძლება.

ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლა–პანსიონის ყოფილი შენობა სოციალურად დაუცველთა და ვეტერანთა ათმა ოჯახმა უკანონოდ, 2016 წლის სექტემბერში დაიკავა. მათმა ნაწილმა, შენობა საკუთარი სურვილით დატოვა. ნაწილი კი გამოსვლას არც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აპირებს.

| Print |