სამართალი
ახალციხეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება განესაზღვრა
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. საქმესთან დაკავშირებით ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 17 მაისს იმსჯელა.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა პროკურორის მიერ წარმოდგენილი დაუსაბუთებელი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ნოდარ აკოფაშვილის განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევა გაუფრთხილებლობით მოხდა. გარდა ამისა, ბრალდებულისა და გარდაცვლილის ოჯახები ახლობლობენ და არც ჩივილს აპირებენ, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

შალვა მჭედლიშვილის გადაწყვეტილება, დაცვის მხარემ შესაძლოა გაასაჩივროს. ნოდარ აკოფაშვილის თქმით, გარდაცვლილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მეგობარია, იგი ბრალს აღიარებს და ჩადენილ ქმედებას ნანობს. ადვოკატი საპროცესო შეთანხმებას არ გამორიცხავს.

შემდეგი სხდომა 4 ივლისს ჩაინიშნა.

ავტოსაგზაო შემთხვევა თამარაშვილის ქუჩაზე 13 მაისს მოხდა. მსუბუქი მარკის ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ–ერთ ავტომობილში მყოფი მგზავრი, 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

საქმეზე ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ქმედება ჩადენილია ნასვამ მდგომარეობაში. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

| Print |