სამართალი
პარლამენტმა კანაფის დათესვისა და მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანაფის დათესვისა და მარიხუანის შეძენა, შენახვა, მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებას, თუმცა ეს ქმედებებიმაინც სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

“ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნვთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების” შესახებ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა 79 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო. პარლამენტმა მხარი მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებსაც დაუჭირა.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაზე (სსსკ–ის 265–ე მუხლი), მოყვანაზე ან კულტივირებაზე პატიმრობა უქმდება. ცვლილების მიხედვით, მარიხუანის დათესვა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 160–დან 220 საათამდე ვადით.

გარდა ამისა, მცირე ოდენობით გამომშრალი მარიხუანის, ნედლი მარიხუანისა და მცენარე კანაფის უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების შემთხვევაში, კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით, ჯარიმა 300 ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა, დღეს, სხდომაზე კანონპროექტის გამოტანისას, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სანდრო ბარამიზემ განაცხადა, რომ ჯარიმა – 500 ლარი უცვლელი უნდა დარჩეს, რასაც არ ეთანხმება საპარლამენტო ურმავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე.

ჯარიმის ოდენობაზე დეპუტატები კანონპროექტის მეორე მოსმენისას განიხილავენ.

ამასთანავე, სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილება გამორიცხავს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას გამომშრალი მარიხუანის შემთხვევაში 70 გრამამდე, ნედლი მარიხუანის შემთხვევაში − 140 გრამამდე, და მცენარე კანაფის შემთხვევაში − 140 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და პირადი მოხმარებისთვის.

თუმცა, როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, ამ ქმედებებისათვის თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა დიდი ან განსაკუთრებით დიდია.

წყარო: "ნეტგაზეთი"
| Print |
თეგები: მარიხუანა /