ახალციხის ბაზარში ყალბი კუპიურით ვაჭრობის ბრალდებით მამაკაცი იძებნება
20:17 / 05.07.2017
ახალციხის სავაჭრო ცენტრში ყალბი კუპიურებით ვაჭრობის შემთხვევა დაფიქსირდა.
ორი მოვაჭრე ამბობს, რომ მისგან ხანშიშესულმა მამაკაცმა, პროდუქტი ყალბი 100–ლარიანებით შეიძინა. შემთხვევა კვირას, დილით მოხდა. სავაჭრო ცენტრის ვიდეოკამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ მამაკაცი სურსათისა და ხილ–ბოსტნეულის გამყიდველთან მიდის, გარკვეული ღირებულების პროდუქტს ყიდულობს, მოვაჭრე კი ხურდას უბრუნებს.
დაზარალებულები და სავაჭრო ცენტრის მენეჯერი ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღეს, მოვაჭრეები დაკითხეს და საქმის მოკვლევა მაშინვე დაიწყეს. უწყებაში კი აღნიშნულს უარყოფენ და ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ დღეს, 5 ივლისს, "მე–9 არხისგან" შეიტყვეს.
გამომძიებლებმა მენეჯერი გამოკითხეს. მისი განცხადების საფუძველზე, ოფიციალურად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212–ე მუხლით დაიწყო, რაც ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადებას ან გასაღებას გულისხმობს.