სამართალი
ურავლის ხეობაში მომხდარ ინციდენტს საია შეისწავლის
ურავლის ხეობაში მომხდარ ინციდენტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეისწავლის. ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს, 18 ივლისს დაშავებულებს გაესაუბრებიან. ასევე შეეცდებიან შეხვდნენ იმ პირებსაც, რომლებსაც დაზარალებულები ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.

საიას პროექტების კოორდინატორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად არ დაწყებულა, ორგანიზაციამ წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგი 1 ივლისიდან უკე დაიწყო. ლელა ტალიურის თქმით, საია გადაამოწმებს და შეისწავლის შესაძლო პოლიტიკური მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტებს, რის შემდეგაც ორგანიზაცია შესაბამის დასკვნას დადებს.

შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს ურავლის ხეობაში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი კოორდინატორის ბეგლარ კაპანაძის ოჯახსა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაშავებულები არიან ბეგლარ კაპანაძე მისი 23 წლის შვილი და 82 წლის მამა.

კაპანაძეების თქმით, მათ ფიზიკურად ათამდე ადამიანი გაუსწორდა. მათ შორის ასახელებენ ახალციხის ყოფილ მერსა და ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელს ზაზა გელაძეს, შპს "კეთილმოწყობის" უფროსს გიორგი ლონდარიძეს, კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილ თანამშრომელს კურტანიძეს და დეპუტატის ყოფილ მძღოლს გიგი რუხაძეს.

"ნაციონალური მოძრაობის" რეგიონული სამსახურის უფროსმა გიორგი ბოტკოველმა მომხდარი, "ქართული ოცნების" მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ძალისმიერი მეთოდების დასაწყსად შეაფასა.

ინციდენტს გამოეხმაურა "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" და ძალადობის ფაქტები დაგმო.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
| Print |