სამართალი
სასამართლოდან უკან გახმობილი სარჩელი
ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსარჩელე გენადი ენდელაძის მოსამზადებელი სხდომა გაიმართა.


ენდელაძე სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლისგან მისთვის, როგორც მეპატრონისთვის, 1000 ლარის ოდენობით ქირის გადახდას ან შენობის დატოვებას ითხოვდა, რაზეც სკოლამ უარი განაცხადა.

მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ თანხის შემცირება შესთავაზა, რაზეც აბასთუმნის საჯარო სკოლის წარმომადგენლმა გია დალალიშვილმა განმარტა, რომ სკოლას არანაირი თანხის გადახდა არ შეუძლია.

მოსამართლე ლუიზა თოდუამ სარჩელი განუხილველი დატოვა და აღნიშნა რომ, მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი დაუბრუნდება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სკოლას სამინისტროსთან ხელახლა უნდა გაერკვია, თუნდაც მინიმალური თანხის გადახდა რამდენად იყო შესაძლებელი.

გენადი ენდელაძემ, ჯერ კიდევ ყველ–კარაქის ქარხნის შენობა, რომელშიც აბასთუმნის საჯარო სკოლა 1992 წლიდან არის განთავსებული, 1990 –იან წლებში იყიდა.

ამბობს, რომ სოფლის და რაიონის მაშინდელი გამგებლების თხოვნით შენობა სკოლას დაუთმო.

სკოლა 2011 წლამდე გენადი ენდელაძის საკუთრებაში იყო რეგისტრირებული.

2011 წელს კი მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 210-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ყალბი ზედნადების დამზადება–გამოყენებას გულისხმობს.

მას შემდეგ რაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა, 10 ათას ლარზე ჯარიმა გაუფორმეს და ციხიდან გამოუშვეს.

ხელისუფლების სათავეში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ გენადი ენდელაძემ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე დავა დაიწყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სკოლა მას გადაეცა.

აბასთუმნის საჯარო სკოლაში ამჟამად 65 მოსწავლე სწავლობს და 25 პირია დასაქმებული.

სკოლის წარმომადგენელმა გია დალალიშვილმა და სკოლის დირექტორმა სასამართლო სხდომა ისე დატოვეს, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.


| Print |