სამართალი
მარიხუანას მოხმარება სისხლის სამართლებრივი წესით აღარ დაისჯება
მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი წესით აღარავინ დაისჯება – საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას

მოხმარებაზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სარჩელის ავტორი მოქალაქე გივი შანიძე იყო. იგი სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ჩანაწერს ასაჩივრებდა, რომლითაც დასჯადი იყო მარიხუანას მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე. გივი შანიძის ინტერესებს სასამართლოში "გირჩის" წარმომადგენელი იაგო ხვიჩია იცავდა.

მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 2015 წელს გაუქმდა ბექა წიქარიშვილის გახმაურებულ საქმის შემდეგ, თუმცა აქამდე ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 60 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას ეხებოდა.

დღეს, 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაში მარიხუანას ოდენობა ნახსენები აღარ არის.

მარიხუანას მოხმარებაზე პირს შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს.

მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმება და აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად სავალდებულოა.

"ცოტა ხნის წინ პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ცვლილებები მიიღო, რომლითაც პირად მოხმარებაზე მარიხუანის ლიბერალიზაცია მოხდა. ეს 260-ე მუხლს არ ეხება, რომელიც გასაღებასა და გაყიდვას ეხება. ასე რომ, ილუზია არავის ჰქონდეს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია ხდება. მარიხუანის გაყიდვა-გასაღება დასჯად ქმედებად რჩება. უბრალოდ, პირადი მოხმარების მიზნით გამოყენებული მარიხუანა სისხლის სამართლის დანაშაული აღარ იქნება და მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა იქნება გამოყენებული. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მივესალმები, რადგან მიმაჩნია, რომ პირადი მოხმარების მიზნით ადამიანები ციხეში არ უნდა გავუშვათ და ეს ნასამართლეობის მიზეზი არ უნდა იყოს.

ოთხსვეტიანი და დაბალანსებული პოლიტიკა უნდა იყოს – ზრუნვა, მკურნალობა და რეპრესიები. ეს მიდგომა სწორია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ეს მიდგომა სწორია. იმედი გვაქვს, რომ კოლეგებთან დამატებითი არგუმენტაცია გვექნება. პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ანალოგიური მიდგომა საინექციო ნარკოტიკებზე იყოს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანასთან მიმართულებაში მიიღო. მომავალ კვირას საკანონმდებლო პაკეტს განვიხილავთ, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ეხება", – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
| Print |