სამართალი
ოპოზიცია: ,,ხელისუფლების მხრიდან ხდება დანაშაულის ჩამდენი პირების წახალისება"
აფეთქებიდან მეორე დღეს, დაკითხვიდან გამოსული ამბარცუმ ბაბოიანი, კამერების წინ არ ჩნდება, თუმცა ,,მეცხრე არხთან" სატელეფონო საუბრისას

განმარტავს, რომ მომხდართან დაკავშირებით განიხილება სხვადასხვა ვერსია, თუმცა ვის შეიძლება მისი მანქანიდან დაახლოებით 40 სანტიმეტრში ყუმბარა დაეგდო, წარმოდგენა არ აქვს.

აფეთქების კვალი ახალციხის სპორტსკოლასთან ჯერ კიდევ ემჩნევა. შემთხვევა ახალციხის სპორტდარბაზის ტერიტორიაზე 2 დეკემბერს, ღამით მოხდა. შენობაში მყოფმა პირებმა ძლიერი აფეთქების ხმა გვიან ღამით გაიგეს.

გარეთ გამოსულებს კი მანქანების მინები ჩამსხვრეული, ავტომობილები კი დაზიანებული დახვდათ. დაბზარულია შენობის მინებიც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილზე უკვე იმუშავეს. შსს- ს ინფორმაციით, დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზა. ასაფეთქებლის სახეობის დადგენას გამომძიებლები ცდილობენ.

მომხდარს გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრები სამართალდამცველებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ამბარცუმ ბაბოიანი სპორტსკოლის დარბაზში ყოველდღე ერთსა და იმავე დროს სავარჯიშოდ მიდის. ამის გამო დაზარალებული დეპუტატი შემთხვევითობის ვერსიას გამორიცხავს.

ახალციხის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ,,მმართველი პარტიიდან ბოლო პერიოდში გახშირებული კრიმინალური ფაქტების შესახებ ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ სამართალდამცველები ოპერატიულად მუშაობენ, შესაბამისად, იმედოვნებს, რომ დანაშაული დროულად გაიხსნება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის აფეთქებით დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევას ახალციხის რაიონული სამმართველო იძიებს.




| Print |