ბორჯომში ფრაქციების შექმნას სასამართლოს გზით ცდილობენ
17:38 / 20.03.2018
ბორჯომის საკრებულოში, "ქართული ოცნების" დეპუტატები ფრაქციების შექმნას, სასამართლოს გზით ცდილობენ.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სასამართლოს გზით, 18 იანვარს გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაბათილებას სთხოვენ, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" სიით არჩეულ დეპუტატებს, ფრაქციების – "კონსერვატორებისა" და "მრეწველების" შექმნაზე უარი ეთქვათ.
საკრებულომ უარის მიზეზად ის დაასახელა, რომ მმართელი პარტიის სახელით არჩეულ დეპუტატებს, უფლება არ ჰქონდათ, სხვა პარტიაში გადასულიყვნენ და ფრაქცია შეექმნათ.
დეპუტატების – ივანე შალუტაშვილის, ელიზავეტა კუჭუხიძისა და ოთარ არბოლიშვილს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა, ახალციხის რაიონულ სასამართლოში დღეს დაიწყო. იმის გამო, რომ მოპასუხე მხარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გამოცხადდა, მოსამართლე გია ბერაიამ სხდომა 17 აპრილამდე გადადო.