სამართალი
ახალციხის საკრებულოს სარჩელი სააპელაციო სასამართლოში
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მოსამართლე გია ბერაიას გადაწყვეტილება, სააპელაციოში გაასაჩივრა.

წარმომადგენლობითი ორგანო ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებს, რომლის მიხედვითაც საკრებულომ ორი ყოფილი თანამშრომელი ადმინისტრაციაში უნდა დააბრუნოს და იძულებით განაცდური აუნაზღაუროს.

წარმომადგენლობითმა ორგანომ სააპელაციო სასამართლოს 16 მარტს მიმართა. მოსარჩელის ინტერესებს მაღალ ინსტანციაში დაქირავებული ადვოკატი დაიცავს. პაატა კიკვიძე წარმოადგენდა მოპასუხე მხარეს ახალციხის რაიონულ სასამართლოშოც. იურისტთან ხელშეკრულება 3 000 ლარზე გაფორმდა.

მოსამართლის არგუმენტები გაუგებარია თავმჯდომარისთვის. გელა ნოზაძე სააპელაციო სასამართლოსგან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ელის.
"რატომ არ უნდა მქონდეს იმედი? სადავო პოზიციებზე ჩვენ ახალი თანამშრომელი არ მიგვიღია. მობილობის პროცესით ისევ თვითმმართველობის ყოფილი თანამშრომლები დაინიშნენ.
ეს პირველი პრეცედენტი იყო. საქართველოში მობილობა სიახლეა და ამაზე სასამართლო პირველად ჩატარდა. შეიძლება მოსამართლეს შეეშინდა, რამე არ შეშლოდა და მოქალაქეების ინტერესები არ დაერღვია. შეიძლება მათი ოჯახური მდგომარეობაც გაითვალისწინა
" - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ თეა ბაღდოშვილი და ეკა ტატალაშვილი საკრებულოს აპარატიდან 2017 წლის 1–ელ დეკემბერს, ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემდეგ გაათავისუფლეს. ყოფილ თანამშრომლების თვითმმართველობაში განუცხადეს, რომ მობილობის პროცესი წარმატებით ვერ გაიარეს. 

თეა ბაღდოშვილი და ეკა ტატალაშვილი პოზიციებზე სასამართლომ აღადგინა.
| Print |