სამართალი
ერთი გარდაცვლილი, სამი დაშავებული – ავარია ახალციხეში
ახალციხეში, ავტოავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა, სამი მგზავრი კი დაშავდა.

შემთხვევა 15 აპრილს, სავარაუდოდ, 23:00 საათზე, ფარეხასთან მოხდა. მანქანა, რომელშიც ოთხი მამაკაცი იჯდა, ახალციხიდან აბასთუმნის მიმართულებით მოძრაობდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ორი მათგანი კლინიკა "იმედში" გადაიყვანა. 1956 წელს დაბადებული მამაკაცი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მას ორივე მხარეს ნეკნების მოტეხილობა ჰქონდა. მეორე მამაკაცს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა. ის კლინიკიდან დილით გაწერეს.

ორი დაშავებული სასწრაფო–სამედიცინო ბრიგადამ, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მიიყვანა. კლინიკაში ამბობენ, რომ ერთ მამაკაცს სახის მიდამოში მოტეხილობა, მეორეს კი გულ–მკერდის დაჟეჟილობა აღენიშნება.

"ჩაუტარდათ ყველა საჭირო კვლევა. გადავუღეთ კომპიუტერული ტომოგრაფია. მათი დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა. ამჟამად მიმდინარეობს დაკვირვება", – აცხადებენ ექიმები.

გარდაცვლილი და ერთ-ერთი დაშავებული, ძმები არიან და კურორტ აბასთუმანში ცხოვრობენ.

შსს–ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს. გამოძიებას დაკავებული ჯერ არ ჰყავს.

| Print |