სამართალი
ფინანსური დანაშაულის გამოძიების და კრიპტოვალუტის შესახებ ტრენინგი გაიმართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებით, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებისთვის ფინანსური დანაშაულის

გამოძიების და კრიპტოვალუტის კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის შიდა შემოსავლების სამსახურის ექსპერტი ჯეიმს დანიელსი უძღვებოდა.

,,ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში, სადაც საგამოძიებო სამსახურის მოწვევით ვიმყოფები. ვიზიტის მიზანია გამომძიებლებს გავუზიარო ცოდნა და გამოცდილება კრიპტოვალუტის შესახებ. ასევე მივაწოდო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს და რა როლს ასრულებს კრიპტოვალუტის შესახებ ინფორმაციის ქონა ფინანსური გამოძიების დროს. ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში, ჩვენ განვიხილეთ კრიპტოვალუტის სახეობები,თუ როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული კრიპტოვალუტა დანაშაულის ჩადენისთვის და ასევე, ფინანსური გამოძიების პროცესში".

ტრენინგის ფარგლებში, დეტალურად განიხილეს ბლოქჩეინ ტექნოლოგია, კრიპტოვალუტა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები, ასევე ფინანსური და კიბერ დანაშაულების გამოძიების კონკრეტული ქეისები.

ტრენინგზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, მსოფლიოს მსგავსად, კრიპტოვალუტის პოპულარობა და მასზე მოთხოვნა საქართველოშიც გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ კრიპტოვალუტა მაღალი რისკების შემცველი ინვესტიციაა, მის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის გაცნობა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანია. ეს დაეხმარება მათ ფინანსური დანაშაულის გამოვლენის და გამოძიების პროცესში.

ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილი ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩატარებული ტრენინგი მნიშვნელოვანია.

პაატა სუდაძის აზრით, კი ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათ ღირებული ინფორმაცია მიიღეს ამერიკელი კოლეგებისგან. ,,ამერიკა არის მოწინავე ქვეყანა, როგორც კრიპტოვალუტის განვითარების, ასევე კიბერუსაფრთხოების საკითხებში".


წყარო: ფინანსთა სამინისტრო

| Print |