საზოგადოება
,,მორიგი ატრაქციონი" - ოპოზიცია გზის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს აფასებს
არჩევნებამდე ორი დღით ადრე, დილით სახლიდან გამოსულ ახალციხელებს უჩვეულო სურათი დახვდათ.

ცენტრალური გზის ძირითადი ნაწილი კოსტავას ქუჩაზე თითქმის მთლიანად გადათხრილი იყო. გაერთიანებულ ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ წინასაარჩევნოდ ქალაქის პარალიზება მოხდა, რამაც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. ირაკლი ბარძიმაძის აზრით:

,,ვინ უშლიდათ დაეწყოთ ერთი კვირით ან ერთი თვით ადრე? ზამთრის წინა პერიოდში დააგებენ და მალე ამოიყრება. ბოლოსდაბოლოს რაღაც უნდა გააკეთონ, მაგრამ ქალაქის ასე პარალიზება არ შეიძლება. წინასაარჩევნოდ მთელი ქუჩები პარალიზებულია, ადამიანებს უჭირთ მოძრაობა. შეეძლოთ არჩევნების მერე დაეწყოთ და არა არჩევნებამდე ორი დღით ადრე. გარდა ამისა, დადიან და წინასაარჩევნოდ სოციალურად დაუცველებს ფქვილსა და პროდუქტებს ურიგებენ. ძალიან ცუდი მომენტია" - აცხადებს ირაკლი ბარძიმაძე.

ევროპულ საქართველოში შექმნილ ვითარებას ხელისუფლების მორიგ ატრაქციონს უწოდებენ. გელა დემეტრაძე აცხადებს, რომ

,,გზის მოსაპირკეთებელი სამუშაოები უფრო ადრე ან არჩევნებიდან მეორე დღესაც შეიძლებოდათ დაეწყოთ, მაგრამ ეს გათვლილია მოსახლეობაზე იმისათვის, რომ დაანახონ - ვაშენებთ, ვაკეთებთ და მხარი დაგვიჭირეთო, მაგრამ ეს უკვე აღარ ჭრის".

ოპოზიციის ბრალდებებს არ ეთანხმება ქალაქის ვიცემერი. გურამ მელიქიძე განმარტავს, რომ სამუშაოები პროექტით გათვალისწინებულ ვადებში მიმდინარეობს. შესაბამისად, კოსტავას, რუსთაველისა და კეცხოველის გადათხრილ ქუჩებზე ასფალტი დაიგება.

,,რუსთაველზე, სადაც ,,აფრეზვა" მოხდა, მანდ ორმული ამოვსება მოხდება და შემდეგ გადაეგება ასფალტი. ტენდერის პირობები საჯაროა და ნებისმიერს შეუძლია ნახოს. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,სამმართველო #2" ასრულებს.  რადგან არჩევნებია გავაჩეროთ და გზები აღარ გავაკეთოთ? რა შუაშია ეგ? ენას ძვალი არ აქვს და შესაბამისად არჩევნები არაფერ შუაშია. არ იყავით თქვენც შეწუხებული?" - კითხულობს გურამ მელიქიძე.

ტექნიკა მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა, ხოლო პერიოდულად სხვადასხვა ქუჩებზე გზის მოძრაობის ამკრძალავი ნიშნები იდგმებოდა. 


















| Print |