საზოგადოება
ვალელების ეზო-კარი კანალიზაციის წყლით იტბორება
ქალაქ ვალეში, მაჭარაშვილის ქუჩაზე კანალიზაციის წყალი ღიად მიედინება.
მოსახლეობა რამდენიმე წელია დახმარებას ყველა უწყებისგან ითხოვს, თუმცა 150 მეტრიანი მონაკვეთი კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

რამდენიმე წელია ნაზიკო მელქონიანი ქუჩაზე წყლის დონეს დღეში რამდენჯერმე ამოწმებს. კანალიზაციის წყალი მისი სახლის წინ მიედინება და ეზოსაც ტბორავს. ხანშიშესული ქალი იძულებულია, კალაპოტი თოხით გაწმინდოს.


ნაზიკო მელქონიანი, ვალეს მკვიდრი

„ბოლო ხუთი წელია წყალმა მოიმატა. ამ ხნის განმავლობაში ყველას შევჩივლე, მაგრამ თქვენს მეტი არავინ მოსულა. არჩევნების დროს მოვიდნენ, ნახეს, რა ცუდ დღეში ყოფილხარო და წავიდნენ. პასუხს არავინ მცემს. მერიაში განცხადება კიდევ ერთხელ დავწერე ამ დღეებში, მითხრეს მოვალთო, მაგრამ ჯერ არავინ გამოჩენილა“, - გვითხრა ნაზიკო მელქონიანმა და სახლში შეგვიპატიჟა.

ხუთი წელია მარტოხელა ქალი სარდაფში ბოსტნეულსა და ზამთრისთვის გამზადებულ კომპოტებს ვეღარ ინახავს. სათავსო წყლით არის სავსე.



„ჩემი სახლი წყალშია. ოთახში სიცივე და ნესტია. აქ ცხოვრება როგორ შეიძლება? ეზოში მოსავალი ვერ მომყავს, სულ დატბორილია. წელს კარტოფილი დავთესე, მაგრამ სულ დალპა“, - გვეუბნება მარტოხელა ქალი.

სახლამდე მისასვლელად გზაზე მუდმივად მომდინარე საკანალიზაციო წყალში გატოპვა უწევს ვიტალი კაპანაძეს.

„ზამთარში ქუჩა იყინება და გარეთ ვეღარ გამოვდივარ. ზაფხულში კიდევ უფრო ბევრი წყალი მოდის, მთელ ქუჩას ფარავს და საშინელი სუნია“ - ამბობს ვიტალი კაპანაძე, რომლის სახლი და ეზოც არაერთხელ დაიტბორა.


ვიტალი კაპანაძე და ნაზიკო მელქონიანი, მაჭარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები

საკანალიზაციო წყლისთვის არხის გაკეთება თოხით უწევს გოჩა მახათაძეს. ის იძულებულია, მისი სახლის წინ დატბორილი ეზო გაასუფთაოს.

„წყალი ეზოში გადმოდის. მოვდივარ თოხით და ვწმენდ, არხს ვაკეთებ რომ აღარ დაიტბოროს აქაურობა. სუნით ვწუხდებით, განსაკუთრებით ზაფხულში“ - ამბობს გოჩა მახათაძე.

მაჭარაშვილის ქუჩაზე, დატბორვის გამო, მანქანები ვეღარ გადაადგილდებიან. მოსახლეობას საკანალიზაციო წყალი ბევრ პრობლემას უჩენს.



ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ვიდრე ყველაფერი კაპიტალურად შეკეთდება, პრობლემის მარტივად გადაწყვეტა, გზის გაჭრით და ერთი საკანალიზაციო მილის ჩადებით შეიძლება.

წყალი ზედა დასახლებიდან მოდის და ქუჩის ბოლოს, საკანალიზაციო ჭაში ჩაედინება. ვალელების მტკიცებით, საკანალიზაციო არხი სკოლის წინ გადიოდა, თუმცა ადმინისტრაციამ სანიაღვრე გააუქმა და წყალმაც გზაზე დაიწყო დინება. ბინძურ წყალს ვალეს #3 საჯარო სკოლის საწვიმარი მილის წყალიც ემატება.


მაჭარაშვილის დატბორილი ქუჩა

სომხური სკოლის ეზოში ამოთხრილი ორმო წყლით სავსეა. სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი ამბობს, რომ სასმელი წყლის მილი გასკდა და წყალმომარაგების კომპანია მის შეკეთებაზე დღეებია მუშაობს.

„ორმოში 4-5 ტონა წყალია. მაგას რომ გავუშვებ, ნახევარი სკოლის საძირკველში ჩავა და ნახევარი ნაზიკო მელქონიანის სახლში“, - გვეუბნება სანასარ გალუსტიანი.



მაჭარაშვილის ქუჩის მოსახლეობის გასაჭირი იცის ვალეში მერის წარმომადგენელმა. გაიოზ ბარბლიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლისას კანალიზაციის ღია არხი დახვდათ, ამ წლების განმავლობაში კი, პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა.

„შესწავლილი გვაქვს. ვფიქრობ, მომავალ წელს გავაკეთებთ. ეგ წყალი უნდა მოვაშოროთ, მანდ არ უნდა ჩადიოდეს. მაგრამ აქ არის გრუნტის წყლებიც. სკოლის ეზოშიც ამოდის და მეზობლებთანაც. მანდ წყლის მილებიც გადის, ეგ მილები შესაცვლელია, ხელს გვიშლის სამუშაოებში. როგორც ვიცით, შეიცვლება მილები და კანალიზაციის პრობლემასაც მოვაგვარებთ. მანდ გზაზე ასფალტიც დაიგება“, - გვითხრა გაიოზ ბარბლიშვილმა.



ადგილობრივ ხელისუფლებას ხუთი წელი დასჭირდა გაუქმებული სანიაღვრე არხის ხელახლა გაჭრის გადაწყვეტილება რომ მიეღო. ელიოზ ბარბლიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის მთავარი პრობლემა 2019 წელს გადაიჭრება.

ვალის წარმომადგენლისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ თვითმმართველობაში. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ მაჭარაშვილის ქუჩა არა კანალიზაციით, არამედ გრუნტის წყლებით იტბორება. ამ პრობლემას კი ადგილობრივი ხელისუფლება ვერ მოაგვარებს.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ დატბორილი მაჭარაშვილის ქუჩის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. რეგიონის ფილიალის მენეჯერის ბესიკ ფილაურის თქმით, სპეციალისტები მდგომარეობას შეისწავლიან.
Facebook Twitter

ამინდი
ახალციხე 19 °C
img
ახალქალაქი 17 °C
img
ასპინძა 22 °C
img
ადიგენი 18 °C
img
ბორჯომი 19 °C
img
თბილისი 21 °C
img
აბასთუმანი 15 °C
img
ბაკურიანი 12 °C
img
ნინოწმინდა 17 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1102
RUB
RUB
100
4.3044
TRY
TRY
1
0.4580
USD
USD
1
2.7802
AMD
AMD
1000
5.7897
კალენდარი
Facebook
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.