საზოგადოება
ახალციხეში ტექნიკურ მარილს ყრიან
გზის საფარის მარილით დამუშავება ამ დრომდე მიმდინარეობს. მერიის გადაწყვეტილებით, ტექნიკური მარილის დაყრა
ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში, ასფალტებსა და 18 სოფელშია გათვალისწინებული.

ქალაქში გაწმენდით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ”ოცხე”, მუნიციპალიტეტის მასშტაბით კი შპს ,,კეთილმოწყობა“ ახორციელებს. ტროტუარებზე ტექნიკური მარილის დაყრას ტენდერში გამარჯვებული ორივე კომპანია უზრუნველყოფს.

ჩვენი ტენდერი მარტო 18 სოფელს ეხებოდა, თუმცა საკუთარი ინიციატივით ქალაქში ტროტუარებზეც ვზრუნავთ“ - განმარტავს შპს ,,კეთილმოწყობის“ სამსახურის წარმომადგენელი კობა კურტანიძე.

18 სოფელში ტექნიკური მარილი უკვე გატანილი და დასაწყობებულია.

,,ერთდროულად ტექნიკური მარილის ყველა სოფელში მიწოდება შეუძლებელია, ამიტომ გზებზე ადამიანები გვყავს გადანაწილებულები, რომლებიც ხელითაც გვეხმარებიან მარილის დაყრაში, პარარელურად ტრანსპორტიც მობილიზებულია“- აცხადებს ახალცხის მერი ზაზა მელიქიძე.

ტენდერში გამარჯვებულები ვალდებულნი არიან გზის მოყინვის შემთხვევაში მარილი მოაყარონ და ორმულები ამოავსონ. ტექნიკური მარილის რაოდენობა წინასწარ განსაზღვრული არ არის.

,,არ ვიცით როგორი ზამთარი გველის წინ, შესაბამისად მარილის რაოდენობა გარემო ფაქტორებზეა დამოკიდებული. ანაზღაურებაც შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით მოხდება. არის ადგილები, სადაც გამორჩათ, თუმცა მაქსიმალურად ხდება დასუფთავება“- ამბობს ზაზა მელიქიძე.

ახალციხის მერიას მოყინული ქუჩების შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიციაც აწვდის. ქუჩების მონიტორინგს კი მერიის თანამშრომლები უზრუნველყოფენ. ანაზღაურება მარილის აღრიცხვის შემდეგ მოხდება.


| Print |