საზოგადოება
უამინდობის გამო სამცხე-ჯავახეთში მაშველების დახმარება 109 მოქალაქემ ითხოვა
ბოლო სამ დღეში, ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან და ბაკურიანიდან 112-ზე 109 შეტყობინება შევიდა.
მოქალაქეები დახმარებას თოვლიდან ავტომობილების ამოყვანაში ითხოვდნენ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე მაშველების მიერ, ახალქალაქიდან ამოყვანილია 52 მანქანა და 294 ადამიანი.

ნინოწმინდაში 26 ავტომობილის და 139 ადამიანის დახმარება გახდა საჭირო.

ბაკურიანში მანქანის თოვლიდან ამოყვანა 69 პირმა ითხოვა, თუმცა მოგვიანებით 19 გამოძახება გაუქმდა. ზამთრის კურორტზე მეხანძრე-მაშველებმა 50 ავტომობილი ამოიყვანეს და 96 ადამიანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის გარდა, სამცხე-ჯავახეთში დიდთოვლობის გამო შექმნილ დაბრკოლებებზე, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც მუშაობენ, რომლებიც სამაშველო სამსახურთან ერთად გზებზე გაჩერებულ მგზავრებს ეხმარებიან და უსაფრთხო ადგილამდე გადაყვანას ახორციელებენ.
| Print |