საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტს ავტომობილების ინსპექტირების ერთი ცენტრი ემსახურება
ახალციხეში, ავტომობილის ინსპექტირების ცენტრთან რიგებია. რამდენიმე ათეული მანქანა  რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან ტექდათვალიერებისთვის ახალციხეში ჩამოდის.

სეირან კოროიანი ახალქალაქიდან ახალციხეში ავტომობილის სავალდებულო ინსპექტირებისთვის ჩამოვიდა. მძღოლს ცენტრთან რიგში ათობით მანქანა დახვდა.

„მე არ ვიცი როგორ უნდა მოასწროს ერთმა ცენტრმა ამდენი ავტომობილის მომსახურება. ახალქალაქიდან ახალციხეში წადი-მოდი, ცოტა ფული არ უნდა. თან რომ მოძრაობ, ჭკვიანი კამერები გიღებენ და ინსპექტირება რომ არ გაქვს გავლილი, 50 ლარით გაჯარიმებენ. როგორ უნდა გადავიხადოთ? არ ვიცი, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი“, - ამბობს მძღოლი, რომელიც მეორე დღეა თავის რიგს ელის.



უკმაყოფილებას არც სხვა მძღოლები მალავენ.
მეორე დღეა ავტომობილის ინსპექტირებისთვის ასპინძიდან ახალციხეში ჩამოდის 50 წლის მამაკაცი. "გუშინ მთელი დღე ველოდე და სანამ ჩემი რიგი მოვიდოდა, ცენტრი დაიკეტა. ამ ყინვაში მანქანებში ვზივართ და საათობით ველოდებით".

"სად წავიდეთ? უახლოესი ცენტრი ხაშურშია, მაგრამ იქაც რიგებია, ბორჯომელი მანქანებიც ვერ მიიღეს", -
ამბობენ რიგში მდგომი მძღოლები




ავტომობილების ინსპექტირების ცენტრი შპს „მესხეთი“, რომელიც მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტზე იყო გათვლილი, ახლა რეგიონის ექვსივე რაიონს ემსახურება. ინსპექტირების მსურველი მძღოლების რაოდენობამ განსაკუთრებით მას შემდეგ მოიმატა, როცა 14 იანვრიდან იმ ავტომობილების დაჯარიმება დაიწყეს, რომლებსაც სავალდებულო ტექდათვალიერება გავლილი არ აქვს.
„დღეში 40-45 მანქანის შემოწმებას ვასწრებთ. გარეთ ცოცხალი რიგია. მძღოლები თავად არეგულირებენ. ვისაც უწევს ის შემოდის“, - ამბობს შპს „მესხეთის“ ხარისხის მენეჯერი. საშა ზედგინიძის თქმით, რეგიონში ერთადერთ ცენტრს ექვსივე მუნიციპალიტეტიდან მანქანების მომსახურება გაუჭირდება.



პირველიდან 17 იანვრამდე, ინსპექტირების ცენტრში 421 მანქანა მივიდა. აქედან 294 ინსპექტირება წარმატებით გაიარა, 127-მა კი სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა.
„დღეს უკვე 31 მანქანა მივიღეთ, აქედან 23-მა გაიარა ტექდათვალიერება, რვამ ვერა. ამ 31-დან ოთხი განმეორებით იყო მოსული. ანუ ადრე დახარვეზდა და ვადა მიეცა გამოსასწორებლად“, - გვიყვება ცენტრის თანამშრომელი და მონაცემებს გვაჩვენებს.



შექმნილ ვითარებაზე ეკონომიკის სამინისტროს პოზიციას "მეცხრე არხი" მთელი დღეა ელის. პრესსამსახურში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ინსპექტირების ცენტრები კერძო სექტორია. დეტალური ინფორმაციის მოწოდებას კი მოგვიანებით დაგვპირდნენ.



მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების - 100 ლარი ღირს.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
| Print |