საზოგადოება
,,ჩვენ ყველანაირად დაუცველები ვართ“ - მევლუდ ხრიკაძე
გაზიფიცირებიდან დღემდე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ახალციხეში 4 ადამიანი გარდაიცვალა, 15–მდე კი მოიწამლა.

სამცხე–ჯავახეთში გაზიფიცირების პროცესი 2009 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში, ახალციხეში აირის გაჟონვის და CO–თი ინტოქსიკაციის 20–მდე შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ოთხი სიცოცხლის მოსპობით დასრულდა.

ბუნებრივი აირით ახალციხეში ბოლოს 9 იანვარს - ბებია, დედა და მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლნენ. მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ მიზეზი თვითნებურად დამონტაჟებული გამათბობელი ყოფილიყო. მათი აზრით, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა თანაბრად ეკისრება როგორც კომპანიას და სახელმწიფოს, ისე მოქალაქეს. 

,,ოჯახშიც რომ იყოს პრობლემა, მაინც უნდა დაირეკოს შიდა ქსელში. შენ თვითონ რომ მოკიდო ხელი, შეიძლება უფრო დააზიანო და უარესი შედეგი მიიღო“ – აცხადებს ახალციხის მკვიდრი დავით მერაბიშვილი.



,,ოდნავ რომ დააგვიანებ გადახდას, მაშინვე მორბიან და ჭრიან, უსაფრთხოებაზე კი არავინ არასდროს მოსულა. უცხოელი მყავს მდგმურად, მოიტანა რაღაც აპარატურა, გაზთან დაამონტაჟა, რომ გაჟონვის დროს სიგნალი იყოს. ასეთი აპარატურა მაინც რომ დაამონტაჟონ სადარბაზოებში, ან თვითონ შეამოწმონ ხოლმე ხშირად ხომ შეიძლება? ჩვენ ყველანაირად დაუცველები ვართ“ – ამბობს მევლუდ ხრიკაძე.

ერთ-ერთი ტრაგიკული შემთხვევა, როცა ბუნებრივი აირით ოჯახის ორი წევრი გარდაიცვალა, ახალციხეში 2016 წლის 26 დეკემბერს მოხდა. თამარაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე გარდაცვლილი ცოლ–ქმარი მარინა ზუმბაძე და თემურ ხითარიშვილი მეზობლებმა მას შემდეგ იპოვნეს, როცა მეხუთე სართულზე მცხოვრებმა ოჯახმა თავი შეუძლოდ იგრძნო და სასწრაფო გამოიძახა.

,,თემური შიგნით იჯდა დივანზე, მარინა კი აბაზანაში იყო და ნიჟარაზე თავი ჰქონდა დადებული. ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩვენთვის. ავარიით ან ავადმყოფობით რომ კვდება ადამიანი, თითქოს სულ სხვაა, მაგრამ სახლში რომ ხარ მშვიდად და უცებ არაფრის გამო სიცოცხლეს ასრულებ, ორმაგად მტკივნეულია“ – ამბობს ხითარიშვილების ოჯახის ნათესავი. ნაზი ზუმბაძე იხსენებს, რომ იმ დღეს მეხუთე სართულზე, ოჯახის 5 წევრი, მათ შორის ბავშვები მოიწამლნენ.

,,ძალიან ცუდი ზამთარი იყო იმ წელს.. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ითქვა რომ მხუთავმა გაზმა გაგუდა ორივე, ამბობდნენ, სწორად არ იყო დამონტაჟებულიო. დაბრალდა იმას, რომ თოვლი დაეცა, რის გამოც გაზმა გასასვლელი ვერ ნახა და დატრიალდა სახლში“ – ამბობს ნაზი ზუმბაძე.



სწორად დამონტაჟებული გამათბობლები თუ წყლის გამაცხელებლები მოსახლეობისთვის მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც დიდ დიღომში აფეთქება მოხდა და ტრაგედიას მსხვერპლი მოყვა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ სახელმწიფომ რეგულაციები უნდა გაამკაცროს.

,,სამუსიკო სკოლაში არის საქვაბე, რომელიც კარგად მუშაობს და ვცდილობთ, ყველა რეგულაცია დავიცვათ, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით, ერთ სარკმელს ყოველთვის ვტოვებთ ღიას. პრობლემად მიმაჩნია ის, რომ გაზის წნევა ხშირად ცვალებადია ხოლმე და როცა ეცემა, საქვაბე ძალიან წვალობს“ – ამბობს ასპინძელი ნათია ასპანიძე.

,,უსაფრთხო არ არის გაზის მოხმარება, მაგრამ პერიოდულად ვამოწმებთ ხოლმე. პასუხისმგებლობა კომპანიასა და სახელმწიფოსთან ერთად მოქალაქეებმაც უნდა აიღონ. გაზთან მიმართებაში სწორი დამონტაჟება, რეგულარული შემოწმება და ყურადღება აუცილებელია“ – ამბობს ასპინძის მკვიდრი აზა ფოცხვერაშვილი.

,,გაზი მე თვითონ დავამონტაჟე სახლში, ჯერ პრობლემა არ ყოფილა, ხუთი წელია ვამუშავებთ. საკვამურში აქვს თავი შეყოფილი, უსაფრთხოა, რადგან გაჟონვის შემთხვევაში საკვამურში გავა მაინც. ამ ქუჩას რომ გაუყვეთ, სუნი ახლაც დგას. ყველა გრძნობს ამ ,,ტრასაზე" (ვარძიის ქუჩა), სადღაც ჟონავს, მაგრამ ვინ არის პატრონი. მე როცა  გაზკომპანიაში ვმუშაობდი, თითოეული თანამშრომელი – ელშემდუღებელი, მექანიკოსი, მუშა და ა.შ. იყო დანომრილი და ყველამ იცოდა, კონკრეტულ ქუჩას თუ უბანს ვინ ემსახურებოდა, შესაბამისად ის იყო პასუხისმგებელი ყველაფერზე“ – ამბობს ასპინძელი ნოშრევან ხუციშვილი.

გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობას, გაზზე მომუშავე გამათბობლები და წყლის გამაცხელებლები, მინიმუმ ხუთი წლის წინ აქვს დამონტაჟებული, თუმცა მას მერე ხელოსანს არ შეუმოწმებია. ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ძირითადად კომპანიას ეკისრება. მას მერე რაც დიდ დიღომში ტრაგედია მოხდა, მიიჩნევენ, რომ გაყვანილობა პერიოდულად უნდა შემოწმდეს. 



"თითქმის ყველა შემთხვევა სახლში თვითნებურად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია, რა დროსაც ჰაერის უკუმიწოდება არ ხდება და იწვევს პრობლემას. როგორც წესი, მსგავსი გამაცხელებლების სახლში დამონტაჟება არ შეიძლება“ – განმარტავენ კომპანია "ინტერგაზში". ახალციხეში, ასპინძასა და ადიგენში გაზმომარაგებაზე პასუხისმგებელი ,,ინტერგაზია".

2009 წლიდან დღემდე ბუნებრივი აირით მოწამვლისა და გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა tv9news.ge–ის არქივში ინახება.

2013 წლის 20 თებერვალს ბუნებრივი აირის გაჟონვამ ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. 32 წლის გრიგოლ სტეფანიანი მეზობლებმა საკუთარ ბინაში გარდაცვილი, ხოლო მასთან სტუმრად მყოფი მეგობარი უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

2013 წლის 26 აპრილს ახალციხის სამედიცინო ცენტრ „უნიმედი სამცხეში” გაზით მოწამლული 6 არასრულწლოვანი და 41 წლის ქალბატონი შეიყვანეს. ბავშვები გურკელის საჯარო სკოლაში გაზით მოიწამლნენ.

2016 წლის 26 დეკემბერს ბუნებრივი აირის გაჟონვამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 5 მათგანი კი მოიწამლა.
| Print |