საზოგადოება
ახალციხეში ქუჩაში მცხოვრები 20 ძაღლი აცრეს
კასტრაცია-სტერილიზაცია, ცოფზე აცრა და ყურზე ნომერი, ახალციხეში 20 უსახლკარო ძაღლს გაუკეთდა.

პროცესი დაბალი ტემპერატურის გამო შეჩერდა. ქუჩის ძაღლების დამუშავება გაზაფხულიდან ისევ დაიწყება.

"19 ძაღლს კასტრაცია, ერთს კი სტერილიზაცია ჩავუტარეთ. ახლა ყინვებია და დროებით შევაჩერეთ პროცესი. ჭრილობებისთვის არ შეიძლება სიცივე. დამუშავებულ ძაღლებს 10-დღიან კარანტინში, კლინიკის ვოლიერში ვტოვებდით. ყველა მათგანი დანომრილია და აცრილი", - ამბობს ვეტერინარი ნინო ვარდიძე.

კარანტინის გავლის შემდეგ, ცხოველს ისევ ქუჩაში აბრუნებენ. 

ცხოველების დამუშავება ქალაქ ახალციხეში 2018 წლის ნოემბრიდან დაიწყო. ძაღლების დაჭერასა და დანომვრას ჯანდაცვის აიპი და დასუფთავების სამსახური ერთობლივად უზრუნველყოფდნენ. პროცედურები კერძო კლინიკაში ცხოველთა თავშესაფარის აშენებამდე ჩატარდება.
| Print |