საზოგადოება
ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლი დადგეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში, ყარაბაღის ომის მონაწილის, მიქაელ ავაქიანის ძეგლი საზეიმოდ გახსნეს. 

ფოტოები და ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში გავრცელდა. ძეგლის საზეიმო გახსნას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ.

20 იანვარს, საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე ეკლესიაში მიქაელ ავაქიანის სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადეს. ახალგაზრდებმა კი ქართული და სომხური სიმღერები შეასრულეს.

ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირ ირიციანი ამბობს, რომ ბიუსტი 22 წლის წინ დადგეს და ახლა რესტავრაცია ჩაუტარდა. 

„დამპატიჟეს და მივედი. ეს ბიუსტი 1997 წლიდან მანდ დგას. არ ვიცი თავიდან ვისი ინიციატივით დაიგა. ახლა რესტავრაცია ჩაუტარდა და გახსნეს. ჩვენ მხარეში, საქართველოში ამ ძეგლის დადგმის წინააღმდეგი არავინ არ არის, წინააღმდეგია თურქეთის მოსახლეობა, ვინც ამბობს, რომ ამ კაცმა ქართველები დახოცა. ისინი ურთიერთობებში ყველაფერს ურევენ. მათ უნდათ, რომ ქართველებსა და სომხებს შორის გაუგებრობა იყოს. ჩვენს რეგიონში კარგად მიიღეს და კმაყოფილნიც არიან“, - განუცხადა „მეცხრე არხს“ საკრებულოს თავმჯდომარემ.

"მეცხრე არხი" ენზელ მკოიანს ტელეფონით დაუკავშირდა. "სხდომაზე ვარ, საღამოს დამირეკეთ" - გვითხრა დეპუტატმა და ტელეფონი გაგვითიშა. 

სოფლის ცენტრში ძეგლი ადგილობრივი გაგიკ ავაქიანის დაფინანსებით დაიდგა. 

მიქაელ ავაქიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენიდან იყო. ის ყარაბაღის ომში დაიღუპა.

ფაქტს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. თემაზე "მეცხრე არხი" მუშაობს და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

ფოტოები ეკუთვნის jnews.ge-ს.
| Print |