საზოგადოება
სოფლის გმირის სადავო ძეგლი
ახალქალქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის ცენტრში პატარა სკვერია. მის შუაგულში ყარაბაღის ომის მონაწილე მიხეილ ავაქიანია დაკრძალული.

მეომრის ბიუსტი აქ 1997 წელს დადგეს. 22 წლის შემდეგ ადგილობრივმა გაგიკ ავაქიანმა ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარა და 20 იანვარს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთდ საზეიმოდ გახსნა.

ღონისძიების ამსახველი ფოტომასალის გავრცელებისთანავე, სოციალურ ქსელში მომხდარს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ფეისბუქ მომხმარებლები წერენ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ამ ქმედებამ შესაძლოა, ორი ქვეყნის ურთიერთობაზე გავლენა მოახდინოს.

„სომხებსა და აზერბაიჯანელებს ტერიტორიული პრობლემები აქვთ. მათ ომში მონაწილეებს საქართველოში ძეგლებს არ უნდა ვუდგამდეთ“

„რა ხდება, რატომ აძლევს ეს ხალხი თავს ამდენის უფლებას?!“

„ძეგლი ზარ–ზეიმით რომ გახსნეს ეგ არასწორია“

„გონის, ჭკუის, აზრის მომკითხავი აღარავინ დაგრჩათ?“

რაღა 20-ში გახსნეს, როცა აზერბაიჯანს გლოვის დღე აქვს გამოცხადებული" – წერენ ფეისბუქში.

ძეგლის საზეიმო გახსნას სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი და პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი ესწრებოდნენ. ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - ახალქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. 



სამველ პეტროსიანი ახალქალაქის საკრებულოს წევრია. რესტავრირებული ძეგლის გახსნას ისიც ესწრებოდა და შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

„დაახლოებით, 30 წლის წინ, როცა ყარაბაღში დაიწყო ბრძოლა, ჯავახეთის სომხური თემი ერთ მუჭად შეიკრა. ყველა სომეხი შეძლებისდაგვარად დაეხმარა ყარაბაღს. ამ დროს ჯავახეთის მოსახლეობა დავეხმარეთ როგორც მატერიალურად, ისე საკვებით და ჩვენი იქ ყოფნით. სამწუხაროა, რომ ომიდან შინ ყველა ვერ დაბრუნდა. მათ შორის ჩვენი გმირი მიხეილ ავაქიანი“.

საზოგადოების განწყობა უკვირს ახალქალაქის მერს.

„ორგანიზება სოფელმა გაუკეთა და რა ნებართვაზეა საუბარი? არც ნებართვა იყო და არც რაიმე ოფიციალური შეთანხმება. ეს იყო ბუღაშენის მოსახლეობის ინიციატივა. თავისი თანხით გააკეთეს, არც ერთი თეთრი ბიუჯეტიდან არ მიგვიცია. იმის შეფასებას ვერ გავაკეთებ, როგორ ან რას იფიქრებს სხვა. მგონია, რომ ქართველებთან არანაირი პრობლემა არ იქნება“, - ამბობს ახალქალაქის მერი იური უნანიანი.

საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი ბიუსტის გახსნაზე სოფელ ბუღაშენის მკვიდრმა დაპატიჟა.

„დამპატიჟეს და მივედი. ეს ბიუსტი 1997 წლიდან მანდ დგას. არვიცი თავიდან ვისი ინიციატივით დაიდგა. ახლა რესტავრაცია ჩაუტარდა და გახსნეს. ჩვენ მხარეში, საქართველოში, ამ ძეგლის დადგმის წინააღმდეგი არავინ არ არის, წინააღმდეგია მხოლოდ ის, ვინც ამბობს, რომ ამ კაცმა ქართველები დახოცა. მათ უნდათ, რომ ქართველებსა და სომხებს შორის გაუგებრობა იყოს“, - განუცხადა „მეცხრე არხს“ საკრებულოს თავმჯდომარემ.

ნაირ ირიციანს ვკითხეთ, ხომ არ იქონიებს ეს ფაქტი გავლენას საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე. „მე ვარ საკრებულოს თავმჯდომარე და არა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ამიტომ ეს კითხვა მე არ მეხება“.

სომხეთის საკითხების საერთაშორისო მიმომხილველია ივა შილაკაძე. ექსპერტი ამბობს, რომ ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებას უფრო მეტი სიფრთხილე მართებს.
“თუ ამ ადამიანს დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე და რაიმე გაუკეთებია ჩვენს ქვეყანაში მაშინ გასაგებია, მაგრამ თუ მხოლოდ ყარაბაღში იბრძოდა...  არ მგონია, რომ ამან სერიოზული საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვიოს, თუმცა მაინცდამაინც სასიამოვნო ფაქტი არ არის. მეტი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა ადგილობრივ ხელისუფლებას. თუ თვითონ ვერ წყვეტდა, უნდა ეკითხა თბილისში ვიღაცისთვის“, - ამბობს ექსპერტი ივა შილაკაძე.

როცა ბუღაშენში მიხეილ ავაქიანის ძეგლი პირველად დადგეს, ცირა მესხიშვილი ეუთოს კორესპონდენტი იყო. ისტორიკოსი ამბობს, რომ ამ ფაქტმა საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. ეს ფაქტი ეუთოს ანგარიშშიც მოხვდა.
„როცა 1997 წელს ძეგლს დგამდნენ, დიდი ალიაქოთი იყო. როგორც მახსოვს საკრებულომ ნებართვა არ მისცა, მაგრამ ჩუმად მაინც დადგეს, თუმცა საზეიმოდ არ გაუხსნიათ. მაშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეზობელია, ამიტომ უხერხული იყო ამის გაკეთება. პროტესტი არა პიროვნების, არამედ ფაქტის მიმართ გვქონდა“, - ამბობს ცირა მესხიშვილი.

"მეცხრე არხი" ენზელ მკოიანს ტელეფონით დაუკავშირდა. ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ამ თემის წამოწევას უცხო ძალებისგან მართულ სპეკულაციას უწოდებს. რაც შეეხება ავაქიანის მონაწილეობას აფხაზეთის ომში პარლამენტის წევრი სიცრუეს უწოდებს. 
,,სკოლის დამთავრებისთანავე მიხეილ ავაქიანი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა და მას მერე საქართველოსთან შეხება არ ჰქონია, მითუმეტეს აფხაზეთის ომში არასდროს მიუღია მონაწილეობა. ეს ზუსტად ვიცი“ – განმარტავს ენზელ მკოიანი.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა თავდაპირველად გვითხრა, რომ საკითხს შეისწავლიდა და კომენტარს გააკეთებდა, თუმცა მოგვიანებით "მეცხრე არხის" ზარებს აღარ უპასუხა. 

აზერბაიჯანული გამოცემა minval.az ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძე საკითხთან დაკავშირებით უკვე შეხვდა აზერბაიჯანის საგრეო საქმეთა სამინისტროს, ამავე თემაზე შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის ელჩთან დურსუნ გასანოვთან, სადაც აზერბაიჯანულმა მხარემ მომხდარის გამო პროტესტი გამოთქვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ელჩების შეხვედრას თბილისსა და ბაქოში და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებენ. 
“აზერბაიჯანი გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს შორის არ არსებობს თემები, რაზეც არ გვაქვს კომუნიკაცია, ეს არის ურთიერთობის ჩვეულებრივი ფორმა და ამ თემის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია.”

ფოტოები ეკუთვნის jnews.ge-ს.
| Print |