საზოგადოება
„სამსახურიდან გათავისუფლების დოკუმენტს არ მაძლევენ“ - ყოფილი მეეზოვე
ერთი თვეა სამსახურიდან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვებას ცდილობს შპს „კეთილმოწყობიდან“ გათავისუფლებული სამი თანამშრომელი.

ყოფილი მეეზოვე დავით ლომიძე ამბობს, რომ პირადი საქმე სამ იანავარს წერილობით გამოითხოვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

"თანამშრომელს ტელეფონით ვერ გაათავისუფლებ. დამირეკეს და მითხრეს აღარ მუშაობო. თუ ცუდად შევასრულე ჩემი სამე, უნდა მიმიყვანონ, მანახონ და მითხრან, რომ ამაში ფულს არ გადამიხდიან. გათავისუფლების დოკუმენტი ამ დრომდე არ მინახავს", - ამბობს დავით ლომიძე. 

დოკუმენტის მოპოვება სცადა სამივე გათავისუფლებულის ადვოკატმაც. შპს „კეთილმოწყობაში“ ამბობენ, რომ ეკა აბაშიძისგან წერილი შევიდა, თუმცა ყოფილი თანამშრომლების პირად საქმეს მას ვერ გადასცემდნენ.

„თვითონ მივიდეს და წაიღოს, ან წერილობით მოგვმართოს. მე რა ვიცი ვინაა ადვოკატი“, - განაცხადა შპს „კეთილმოწყობის“ დირექტორმა კობა კურტანიძემ.

ადვოკატი პირადი საქმეების მოპოვებას სასამართლოს გზით ცდილობს.

„ჩემს განცხადებას აქვს მინდობილობა დართული, რომ მე მაქვს დავით ლომიძის და კიდევ ორი გათავისუფლებულის რწმუნებულობა. ამის საფუძველზე მაქვს უფლება, გამოვითხოვო ინფორმაცია“, - აცხადებს ეკა აბაშიძე. ადვოკატი ფიქრობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება არც არსებობს.

„რადგან 31-ში დასრულდა ხელშეკრულება და აღარ გაუგრძელეს, ჩათვალეს რომ გათავისუფლების ბრძანება საჭირო არ იყო. არადა შრომითი კოდექსის მიზედვით, თუ მხარეებს შორის არსებობს უწყვეტი შორმითი ხელშეკრულება 30 თვეზე მეტი ხნით, ეს არ ათავისუფლებს პასუხისმგფებლობისგან. არ შეუძლიათ უთხრან, ხელშეკრულებას აღარ გიგრძელებთ და წადით სახლში“, - განმარტავს ეკა აბაშიძე.

31 დეკემბერს შპს „კეთილმოწყობიდან“ ექვსი მეეზოვე და ორი ელექტრიკოსი გაუშვეს. ყოფილი თანამშრომლების თქმით, ხელმძღვანელები მოკლე განმარტებით შემოიფარგლნენ და უთხრეს, რომ 2019 წლიდან ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებდნენ.

სამმა გათავისუფლებულმა სასამართლოს სამსახურში აღდგენის და განაცდური ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა.
| Print |