საზოგადოება
ქაღალდის პირადობის მოწმობის შეცვლა ერთი თვე უფასო იქნება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, მოქალაქეები ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით შეცვლას ერთი თვის განმავლობაში უფასოდ შეძლებენ.
სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ ქაღალდის, ე.წ. ლამინირებულ ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე, მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, პირველი თებერვლიდან პირველი მარტის ჩათვლით შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ აქციით, შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიიღონ პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელიც თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული დოკუმენტია. 

2012 წლის ბოლოს საქართველოში 3 087 163 მოქალაქე ფლობდა ქაღალდის პირადობის მოწმობას. დღეისათვის კი საქართველოში სულ მოქმედი 749 537 ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობაა. აქედან, ყველაზე მეტი ქაღალდის პირადობის მოწმობას თბილისში მცხოვრები მოქალაქეები ფლობენ – 175 914; შემდეგ მოდის იმერეთი 125 383; კახეთი – 80 007 და ქვემო ქართლი – 79 947.

აღნიშნული აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას, მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ასევე, ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.
| Print |