საზოგადოება
,,ტექნიკური გაურკვევლობა იყო" - ლაშა გეგჭკორის შეცვლილი პოზიცია
ძაღლების თავშესაფრის პროექტის ავტორი დღეს, 4 თებერვალს, მხარის გუბერნატორსა და ახალციხის მერს შეხვდა.

შეხვედრა ლაშა გეგეჭკორს, ბესიკ ამირანაშვილსა და ზაზა მელიქიძეს შორის მას შემდეგ დაიგეგმა, როცა პროექტის ავტორმა მასთან შეთანხმების გარეშე პროექტში შეტანილი ცვლილებები გააპროტესტა. დღევანდელი შეხვედრა, რომელიც მედიისთვის დაიხურა, დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა. სხდომიდან გამოსულმა მხარეებმა ჟურნალისტებთან აღნიშნეს, რომ პრობლემა გაუგებრობამ გამოიწვია.

,,თავშესაფრის კონცეფცია, რომელიც თავის დროზე წარმოვადგინეთ, არ ირღვევა"
- განაცხადა ცხოველთა თავშესაფრის პროექტის თანაავტორმა რეგიონის და ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან შეხვედრისას. 

,,ტექნიკური გაურკვევლობა იყო. ახალციხის მერი მთლიანობაში ამბობდა, რომ 250-300 ვოლიერი უნდა განთავსებულიყო მიუსაფარ ცხოვრელთა თავშესაფარში. ჩვენს კონცეფციაში კი 40 საერთო განთავსების, 50 საკარანტინე და 50 პოსტოპერაციული ვოლიერი იყო გათვლილი. თითო ვოლიერი 6 კვადრატია, საერთაშორისო სტანდარტი 3 კვადრატს ითვალისწინებს - ეს იყო ის ტექნიკური უზუსტობა, რაზეც ვისაუბრეთ. ჩემთვის იყო გაუგებარი ციფრი, ახლა კი ყველაფერზე შევჯერდით“, - ამბობს ლაშა გეგეჭკორი.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა აღმოაჩინა, რომ თავშესაფარი უკვე არსებულ შენობაში განთავსდებოდა და ვოლიერების რაოდენობა 300-მდე იყო გაზრდილი, თუმცა შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ეს მხოლოდ თანაავტორის გაურკვევლობა იყო. ზაზა მელიქიძესა და პროექტის ავტორს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და შეთანხმდნენ, რომ პროექტის ცვლილებებში ავტორი ჩაერთვებოდა.

,,კონცეფციის ავტორების საავტორო უფლებები არ დარღვეულა. ისევე როგორც კონცეფციის შინაარსი. ვფიქრობთ, რომ თავშესაფარი რეგიონს მაქსუიმალური შედეგით მოემსახურება“ - ამბობს სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის პროექტების მართვის მენეჯერი ლაშა გეგეჭკორი.

შეხვედრა კონცეფციის ავტორთან გაიმართა, რათა დეტალები დაეზუსტებინათ.

,,შევთანხმდით, რომ პროექტირება როდესაც დაიწყება, გამარჯვებულ კომპანიას ზედამხედველობას კონცეფციის ავტორი გაუწევს კანონმდებლობის ფარგლებში. კონცეფციის იდეა სრულად იქნება დაცული, რათა შეჯერებულად მოხდეს იდეის ავტორის საავტორო უფლებების დაცვა და არსებული ინფრასტრუქტურის სწორად გამოყენება. ესაა სახელმწიფო სახსრების ეკონომიკურად ხარჯვა, რადგან არსებობს ინფრასტურქტურა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ“-ამბობს სამცხე-ჯავახეთის გუბერანტორის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშილი.



ახალციხის მერმა პროექტში ცვლილებების შესახებ თავდაპირველად "მე-9 არხთან" ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის კორექტირების ხარჯზე ვოლიერების რაოდებობა გაიზრდებოდა, ახალი მშენებლობის სანაცვლოდ, თავშესაფარი ძველ შენობაში განთავსდებოდა და ამით თანხაც დაიზოგებოდა. როცა TV9NEWS.GE-ზე ეს კომენტარი გამოქვეყნდა, პროექტის ავტორი ახალციხის მერს გამოეხმაურა.

,,ჩვენ პასუხისმგებლობას ვიხსნით თავშესაფრის შემდგომ ექსპლუატაციაზე. უხეშად დაირღვევა ნორმები და დიდი კრიტიკის ქვეშ მოექცევა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ცხოველთადამცველი ორგანიზაციების მხრიდან. ამას სერიოზული პრობლემები მოჰყვება. შესაძლოა, თავშესაფარი გახდეს დაავადების გამავრცელებელი. ამით ძირეულად ირღვევა თავშესაფრის მუშაობის პრინციპი, სტანდარტი და კონცეფცია" - ამის შესახებ ლაშა გეგჭკორმა 10 იანვარს ისაუბრა. 

2018 წლის მაისში, სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით ,,სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ თავშესაფრის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო, იგი ცენტრის პროექტების მართვის მენეჯერმა ლაშა გეგეჭკორმა წარადგინა.

ახალციხეში გამართულ შეხვედრას მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის პროექტი ააიპ „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ შეიმუშავა და კეთილმოწყობილი და მრავალფუნქციური დაწესებულების შექმნას ითვალისწინებს, რომელიც კომპლექსურ მომსახურებას გაუწევს და სხვადასხვა თანამედროვე სახის სერვისებით უზრუნველყოფს, როგორც უპატრონო და მიუსაფარ, ასევე მზრუნველობის ქვეშ მყოფ ცხოველებს. საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი თავშესაფარი მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.


| Print |