საზოგადოება
„გაუგებრობა, რომელმაც შექმნა უხერხულობა“ - პარლამენტში ავაქიანის ძეგლზე ისაუბრეს
საქართველოს პარლამენტში, პირველივე საგაზაფხულო სესიაზე, ახალქალაქში დადგმულ ავაქიანის ძეგლზე ისაუბრეს. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა, პარლამენტის თავმჯდომარეს ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის შესახებ კითხვა დაუსვა.

„ახალქალაქში აზერბაიჯანელი ხალხის მტრის, სეპარატისტ მიხელ ავაქიანის ძეგლი დადგეს. ამან გამოიწვია სერიოზული აჟიოტაჟი საზოგადოებაში. ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ ძეგლის გახსნაზე იყვნენ თქვენი პარტიის დეპუტატები, მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, სომხეთის ელჩი. ძეგლი გახსნეს 20 იანვარს, როცა აზერბაიჯანში გლოვის დღე იყო. როდის მოხდება ამ ძეგლის დემონტაჟი? ეს არის საზოგადოების ინტერესი და ჩვენი თხოვნა“, - დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

„ეს იყო გაუგებრობა, რომელმაც შექმნა სერიოზული უხერხულობა თითოეული ჩვენგანისთვის,“ - ასე უპასუხა პარლამენტის წევრს ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, ქართულ სახელმწიფოს აქვს ჩამოყალიბებული, მკაფიო პოზიცია ჩვენი მეზობელი ქვეყნების მიმართ. პატივს ვცემთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ინტერესებს და ვიმოქმედებთ ამ ინტერესების შესაბამისად. საჭიროების შემთვევაში და არის ამის საჭიროება. ჩვენ გვაქვს კონსულტაცია ჩვენს კოლეგებთან, გვაქვს კონსულტაცია ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და ერთდ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც წარადგება ჩვენს სამეზობლოში მშვიდობიანი ვითარების შენარჩუნებას.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალქალქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხეილ ავაქიანის რესტავრირებული ბიუსტი 20 იანვარს საზეიმოდ გახსნეს. ამან საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
| Print |