Error
საზოგადოება
რვა სართულიანი კორპუსი - საფრთხეები და დაპირებები
დაზიანებული ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი სადარბაზოები, უფუნქციო ლიფტები, ანტისანიტარია - ეს იმ პრობლემათა ჩამონათვალია, რომელიც თამარაშვილის ქუჩა #2–ში მდებარე რვასართულიან კორპუსის მაცხოვრებლებს აწუხებთ.

შალვა ვოსკანიანი რვასართულიან კორპუსში 45 წელია ცხოვრობს. 1975 წლიდან კორპუსს მრავალი წლის განმავლობაში თავად უვლიდა.

გათბობისა და წყლის სისტემის მოვლა-პატრონობა, კორპუსის ნახშირით მომარაგება, ნაგვის გადაყრა - ეს იმ საქმიანობების ჩამონათვალია, რასაც შალვა ვოსკანიანი ყოველდღე აკეთებდა.

დღეს, კორპუსს აღარავინ უვლის.



,,ჩემს მეუღლეს გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული, შენობაში ლიფტი არ ფუნქციონირებს და გინდა თუ არა, ყოველდღე სიარული უწევს კიბეებზე. ადრე ვინც ლიფტს უვლიდა, თბილისში წავიდა და მას შემდეგ აღარავის მიუხედავს. ხალხიც გაჭირვებული ცხოვრობდა და ლიფტის ძრავიდან სპილენძი მოხსნეს. ამას გარდა წყალიც არ გვაქვს 24 საათიანი, მაგრამ ვინ დაეძებს? 12 საათი მაინც მოდიოდეს..“ - ამბობს შალვა ვოსკანიანი.

,,ადრე ლიფტიც გვქონდა და ახალგარზდებიც ვიყავით, თუმცა ახლა კიბეზე სიარული ძალიან მიჭირს. სისუფთავეზეც არავინ ზრუნავს“ - ამბობს მრავალსართულიანი ბინის მაცხოვრებელი 87 წლის თამარ ფოფხაძე.

თამარის მსგავსად, ლიფტის პრობლემა ელეონორა კახნიაშვილსაც აწუხებს. შვილიშვილების ბებიას მეექვსე სართულზე ასვლა უჭირს და ამბობს, რომ მრვალსართულიან ბინაში ლიფტი აუცილებლად უნდა იყოს.



შრომის უსაფრთხოების ექსპერტი გივი დოლიძე განმარტავს, რომ ,,თუ შენობის საძირკველის დასველების საშიშროება არსებობს, მაშინ ნაგებობა ხიმინჯებზე უნდა დაიდგას. სხვა შემთხვევაში საძირკველი არ უნდა დასველდეს, შესაძლოა ბეტონი დაზიანდეს და მოგვიანებით შენობაც ჩამოინგრეს.

აგრეთვე, შენობა უნდა აკმაყოფილებდეს სეისმოლოგიურ ნორმებს. უნდა გადაიხედოს პროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია ლიფტების მშენებლობა. თუ პროექტით უკვე გათვალისწინებულია ლიფტის ჭრილები, მაშინ საჭირო მხოლოდ შენობის ამჟამინდელი მდგომარეობის შემოწმებაა. დაზიანების უქონლობის შემთხვევაში, შესაძლებელია ლიფტის პირდაპირ დამონტაჟება “ - განმარტავს tv9news.ge-სთან კოსტრუქტორი გივი დოლიძე.

ახალციხის მერიამ, ლიფტების დასამონტაჟებლად ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა. მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი 125 895 ლარზე კიდევ ერთხელ გამოაცხადა. წინადადებების მიღება კი 15 ოქტომბერს შეწყდება.

თამარაშვილის ქუჩა N2-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში სამი ლიფტი მწყობრიდან წლების წინ გამოვიდა და მას შემდეგ აღარ უმუშავია. კორპუსის მოსახლეობამ ლიფტების აღდგენის მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.



,,პროექტი ლიფტებზე რამდენჯერმე გამოცხადდა. რამდენიმე დღეში ტენდერი კვლავ გამოცხადდება და 2019 წელს რვასართულიანი კორპუსის მაცხოვრებლები თანამედროვე ლიფტით ისარგებლებენ“ - ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე.

| Print |