საზოგადოება
სამსახურის ძიებაში მიტოვებული ოჯახები
გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ნიკა კაპანაძე დაბა ასპინძაში 7 თებერვალს დაკრძალეს. ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში, ბიძასთან, ბიძაშვილთან და ორ მამიდაშვილთან ერთად გარდაიცვალა.

ნიკა ასპინძიდან დედაქალაქში მშენებლობაზე სამუშაოდ წავიდა. ფიზიკურ შრომაში გადახდილი ხელფასით კი ოჯახს ეხმარებოდა. 28 წლის ბიჭს ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
„ხან ასპინძაში მუშაობდა, ხან ქედაში, სვანეთისკენაც იყო გზის მშენებლობაზე“, - ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები.

სოსო ჩლაჩიშვილს ახალციხიდან რუსთავში ცოლ-შვილთან ერთად მოუწია გადასვლა. ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი ერთი წლის წინ დატოვა.
„არაერთი მცდელობა მქონდა ახალციხეში დამეწყო სამსახური. ბანკის და კერძო ვალები მქონდა. რუსთავში ქირით ვართ, სამსახური მალე ვიპოვე. თავიდან მეტალოპლასტმასის საწარმოში ვმუშობდი, ახლა ბლოკის ცეხში ვარ. ფიზიკურად ძნელია, წონაში დაახლოებით, 14 კილო დავიკელი. მაგრამ კმაყოფილი ვარ შემოსავლით, ყოველდღიური ხარჯებისთვის გვყოფნის“, - ამბობს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას ჯერ ვერ ახერხებს.

რეგიონის მაცხოვრებელთა რაოდენობა ყოველ წელს 1-2 ათასით იკლებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო 24 წელში სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის რაოდენობა 98 200 კაცით შემცირდა.



ამ წლებში სამცხე-ჯავახეთში სოფლის ტიპის დასახლება 62 100 პირმა დატოვა, ქალაქის ტიპის კი 27 100 ადგილობრივმა. რეგიონში მოსახლეობის რიცხვის კლებასთან ერთად, მცირდება შობადობაც.

ადგილობრივების თანდათან შემცირებაზე თავიანთი მოსაზრებები აქვთ სამცხე-ჯავახეთში. ადიგნელი გენადი ღორჯომელაძე ამბობს, რომ სამსახური დიდ ქალაქებში უფრო მარტივად მოიძებნება. „დასაქმების მხრივ ჩვენთან დიდი პრობლემაა. მაგალითად თბილისში მეტი სამუშაო ადგილია. დახმარება იქ უფრო მეტია“.

„აქ სამუშაო ადგილი არ არის, ამიტომ ახალგაზრდები რუსეთში მიდიან, ეგ დროებითია“, - ამბობს ახალციხელი რაფაელ ოგანესიანი.

„ამ ქალაქში გასაქანი არ არსებობს. ახალგაზრდებს პერსპექტივა არ აქვთ და ცდილობენ გავიდნენ“, - გვითხრა ხათუნა ზედგინიძემ.

„აქ ცხოვრება გაუსაძლისია, ამიტომ ხალხი ცდილობს გაიუმჯობესოს პირობები და მიდიან ქვეყნიდან“, - ფიქრობს ნოდარ ლომიძე.

ახალციხის მერიაში კი თვლიან, რომ რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივების დასაქმების საშუალებას იძლევა. 
"წელს არა მარტო ახალციხეში, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებშიც იმდენი ტენდერი გამოცხადდება და იმდენი სამუშაო იქნება, რომ ნამდვილად დაგვჭირდება მუშახელი და კვალიფიციური მშენებლები", - ამბობს ახალციხის მერი.

მოსახლეობა ამბობს, რომ სამსახურის ძიებაში ახალგაზრდები ხშირად დაბალ ანაზღაურებას და სახიფათო სამუშაო გარემოს თანხმდებიან. ამის მაგალითად კი მშენებლობებზე მომხდარი უბედური შემთხვევები მოჰყავთ.
„ახალგაზრდა ბიჭები, ზოგჯერ უმაღლესი განათლებით მძიმე ფიზიკურ სამუშაოზეც თანახმანი არიან. მაგრამ უბედურება ისაა, რომ ჩვენს ქალაქში ასეთ სამსახურსაც ვერ იშოვი“.

„სად არის სამუშაო? სადაც მივედი მითხრეს ხნიერი ხარო“.

„ჩემი შვილი თბილისში ორი წლის წინ წავიდა. მშენებლობაზე მუშობს და ხელფასს რასაც იღებს, ნაწილს ჩვენ გვიგზავნის, ნაწილს თვითონ მოიხმარს. სახლში მარტო ახალ წელს და აღდგომას ჩამოდის“, - ამბობენ ახალციხეში.
| Print |