Error
საზოგადოება
ჯავახეთის სოფლების დამახინჯებული სახელები ფირნიშებზე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სამი სოფლის მისანიშნებლად ახალი ფირნიშები გაჩნდა, სადაც ტოპონიმიკის საკითხთა შემსწავლელი მეცნიერ-მკვლევარები წარწერებს არასწორად დამონტაჟებულს უწოდებენ.
ინფორმაცია და ფოტოები ამის შესახებ პირველად სოციალურ ქსელში მოქალაქე კუკური მეტრეველმა გაავრცელა.

,,პირველი წარწერა აუცილებლად ქართულ, შემდეგ კი საერთაშორისო ენაზე უნდა იყოს დატანილი. ამ კუსტარული წარწერით ქართულ ტოპონიმებს ამახინჯებენ. ფირნიშის ორივე მხარეს არასწორად, დამახინჯებულად აწერია. დეპარტამენტშიც დავრეკე, მითხრეს რომ ამ ფირნიშებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამონტაჟებს, შეცდომა აქვთ და დამპირდნენ შევასწორებთო“- ამბობს TV9NEWS.GE-სთან კუკური მეტრეველი.

კუკური მეტრეველმა სამი სოფლის: დადეშის, ზაკვისა და მაჭატიას მიმანიშნებელი ფირნიშების ფოტოები გამოაქვეყნა. სოფელ ზაკვის ფირნიში ,,ჯავახეთი-ავტოგზამ“ დაამონტაჟა. კომპანიის დირექტორის თქმით, სოფლის სახელს სომხური ინტერპრეტაციით ადგილობრივები აწერენ. რაც შეეხება ,,ჯავახეთი-ავტოგზა“–ს, ორგანიზაცია დასახელებებს ფირნიშზე ქართულ და ინგლისურ ენებზე აწერს. ,,პირველად ზაფხულში გავასწორეთ, წარწერა გადახაზული დაგვხვდა. ჩვენ ზაკვის სახელით დავდგით. პროვოკაციას ვინც ეწევა ის უნდა ნახოთ. იპარავენ და ხელახლა განახლება გვიწევს“ - განმარტავს TV9NEWS.GE-სთან ნოდარ ინასარიძე.



ვინ იპარავს და რატომ უწევთ ხელახალა განახლება ,,ჯავახეთი ავტოგზის“ თანამშრომლებს ამის შესახებ პასუხი არ აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას. ახალქალაქის მერი იური უნანიანი ამბობს, რომ ინფორმაციას არ ფლობს, რადგან საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის. რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს, მან ჯავახეთში ფირნიშების დადგმის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყო. ,,რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ. საგზაო დეპარტამენტის უფლებამოსილებაა გზებზე საგზაო მონიშვნების დამატება. ამიტომ, ვაპირებ, საგზაო დეპარტამენტს მივმართო და ეს საკითხი დავსვა“ - ამბობს ბესიკ ამირანაშვილი.

კუკური მეტრეველი კი ფიქრობს, რომ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება არ ხდება. იგი ერთი წლის წინ მომხდარსაც იხსენებს.

,,ვიყვირე, მაგრამ უშედეგოდ. ყველამ წაუყრუა "ადგილობრივმაც და ცენტრალურმაც". ახალქალაქი -კარწახის ცენტრალურ გზაზე არ იდგა სოფელ დადეშისკენ გადასახვევის მანიშნებელი და აქაც ვიღაც "მეცენატმა" ეს სამენოვანი ტრაფარეტი დადგა, რომელშიც დადეში გახდა – დადეშ! ცოტა ხნის წინ ზაკვის "ზაქ"-ად გადაქცევის ამბავი გაუწყეთ. ადგილობრივი პოლიციაც და მუნიციპალიტეტიც საქმის კურსშია, მაგრამ არაფერი იცვლება“ - წერს კუკური მეტრეველი.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მერაბ ბერიძე რეგიონის სოფლების სახელების წარმოშობის ისტორიას იკვლევს. იგი ორი სოფლის ტოპონიმის –ზაკვისა და დადეშის შესახებ ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სოფლის სახელთა სწორი ფორმულირება ასეთია: დადეში, ზაკვი და მაჭატია, ნაცვლად – დადეშ, ზაქ და მაჯადია–სი, როგორც ეს ფირნიშებზეა დატანილი.




,,ზაკვი, უკავშირდება ძველი ქართულის ზაკვა ზმნას, რაც ნიშნავს ვერაგობას, ღალატს. აქედან არის მზაკვარი სიტყვაც. ,,ზაკვ" მიმღეობის ფორმაა, მას საზღვრულიც მოსდევს. შესაძლოა ყოფილიყო მზაკვი ადგილი, მზაკვი გზა. ზაკს ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა ჯერ კიდევ ძველ ქართულში. არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ რატომ არის ,,ზაქ" ამის ახსნა მორფოლოგიურად შეიძლება. უნდა იყოს, თუ არა ეს სახელი ამ ფორმით, სახელმწიფოს გადასაწყვეტია. დადეში უძველესი ქართველური სახელია. მას განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა და გაფრთხილება სჭირდება" - ამბობს მერაბ ბერიძე.

გამოკითხული ახალციხელების ერთი ნაწილის აზრით, დაუშვებელია სოფლის სახელის ფირნიშზე დამახინჯებულად დატანა. ,,ამით სოფლის ისტორიას იშლება და ენა მახინჯდება" - მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ჯავახეთში მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური სომეხია, რის გამოც ფირნიშებზე სახელები სახელმწიფო, საერთაშორისო და უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე უნდა დაიწეროს.

ფირნიშებზე სოფლის სახელების დამახინჯებული წარწერა ჯავახეთის გარდა, ახალციხის მუნიციპალიტეტშიც დაფიქსირდა. 2018 წლის ნოემბრის თვეში, სოფელ ნაოხრებში დაიდგა ოთხენოვანი ფირნიში, სადაც ქართულ ენაზე ასევე დამახინჯებული წარწერა იყო დატანილი. TV9NEWS.GE–ს მიერ მომზადებული მასალის შემდეგ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცენტრალური გზიდან ფირნიში აიღო.

| Print |