Error
საზოგადოება
გადარჩენის მესამე შანსი
ბარბარესთვის სნეულების ლოცვას მამა და შვილები მესამე წელია ერთად კითხულობენ, მეუღლის და დედის გამოჯანმრთელებას უფალს სთხოვენ და იმედოვნებენ, რომ 29 წლის ქალს სიცოცხლის მესამე შანსი მიეცემა.

მესამე კვირაა ბარბარე თბილისში, ონკოლოგიური საავადმყოფოს პალიატიურ განყოფილებაში იმყოფება. ყველაზე მეტად ახლა მას ფეხზე მგრძნობელობის აღდგენა სჭირდება.

ბარბარე 26 წლის იყო, როცა მესამე შვილზე დაფეხმძიმდა. საკეისრო კვეთის შემდეგ სახსრების ძლიერი ტკივილები დაეწყო, რამაც დაავადების გამოვლენა დააჩქარა.

მშობიარობიდან ორ კვირაში ექიმებმა ჯერ სარკომის, ხოლო მოგვიანებით ფილტვისა და ბრონქების ავთვისებიანი სიმსივნის მეოთხე სტადია დაუდგინეს.

მართას დაბადებით გამოწვეულ სიხარულთან ერთად, ბარბარეს გაუსაძლისი ტკივილების ატანა, მესამე წელია შვილებისგან მოშორებით უწევს.

მამა პანტელეიმონს სამი მცირეწლოვანი შვილის გაზრდაში დედა ეხმარება. უფროსი ნიკოლოზი 5 წლის არის, ნინო 4–ის, ხოლო მართა 2 წლის.

ადიგენში, სოფელ არლის მართლმადიდებლური ტაძრის მღვდელმსახური ოჯახთან ერთად ახლა უკვე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

კურორტ აბასთუმანში მშობლიური სახლი მეუღლის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად მაშინ გაყიდა, როცა მეუღლე თურქეთში სამკურნალოდ წაიყვანა, რადგან ჩახშული კისრის მალები ზურგის ტვინს აწვებოდა და სასწრაფოდ ოპერაციის გაკეთება იყო საჭირო.

მესამე დღეა, ბარბარეს გაუმჯობესება დაეწყო, საუბრობს და საჭმელს იღებს, თუმცა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ყოველდღიურად ძვირადღირებული მედიკამენტები ესაჭიროება, რისი საშუალებაც ოჯახს აღარ აქვს.

დედას ყველაზე მეტად ბავშვებთან ყოფნა ენატრება. ბავშვები კი მონატრებულ დედას ფოტოებით ესაუბრებიან. მამა პანტელეიმონი ოჯახის ერთადერთ სურვილს ბავშვებთან ერთად სიმღერით გამოთქვამს.



| Print |