საზოგადოება
ბრძოლა დამახინჯებულ ისტორიასთან

ახალციხის ციხეს ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს, განსაკუთრებით ხშირი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული დამთვალიერებლების რაოდენობაა.

ახალციხის ციხის გიდები ტურისტებს ქვეყნისა და კუთხის შესახებ ინფორმაციას აწვდიან, თუმცა წუხან, რომ დამახინჯებული ცოდნის გამო, თითქმის მთელი ისტორიის თავიდან მოყოლა უწევთ. ციხეზე მომუშავე 12 გიდის გამოცდილება აჩვენებს, რომ საქართველოში ყველაზე მეტი რაოდენობის ტურისტი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემოდის.

,,ჩვენთან ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცეა. რუსული ,,გუგლიდან" მიღებული ინფორმაციით ტურისტები ძირითადად - რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან და ა.შ. ჩამოდიან. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ტურისტი ყაზახეთიდან შემოდის. ინფორმაციას, რომელსაც ისინი რუსული წყაროებიდან იღებენ, დამახინჯებული და არასწორია “ - ამბობს ახალციხის ციხის გიდი გიორგი ბერიძე.

გიდობით გიორგი ბერიძე იგივე ბერჯავახი, ექვსი წლის წინ დაინტერესდა. ახლა უკვე საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი და ტურისტული კომპანიების წარმომადგენელია ტაო-კლარჯეთსა და სამხრეთ საქართველოში. მისი მიმართულებებია სამეცნიერო და კოლორიტული ტურიზმი. ბერჯავახის აზრით, ტურიზმი ისეთი სფეროა წარსულს, აწმყოსა და თანამედროვეობას რომ აერთიანებს.

ახალციხის ციხის გიდი ასეთ ფაქტს იხსენებს - ,,თუ ტურისტი სომხეთის გავლით შემოდის, ფაქტობრივად თავიდან გვიწევს მთლიანი ისტორიის ახსნა. ეს იმიტომ, რომ სომეხი გიდები ძირითადად რუსული წყაროებიდან მიღებულ ცალსახა ინფორმაციას აწვდიან. ყოველთვის უნდა ეცადოს გიდი პოლიტიკას არ შეეხოს, თუმცა ამას ხშირად ვერ ახერხებ“.

გიორგის აზრით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალოვანი სტრუქტურები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ.

,,ეს დამარცხებაა! გიდები ბრძოლის ველზე არიან, კულტურულ მენტალობას სწორედ ისინი იცავენ. ეს გაზეპირებული ცოდნა არაა. რუსეთი ოკუპაციასთან ერთად საინფორმაციო ომსაც ეწევა, ამიტომ რადიკალური ზომები უნდა მივიღოთ, რომ სწორი ინფორმაცია გავრცელდეს და ყალბი მაქსიმალურად გაკონტროლდეს“.


,,გიდი პოლიტიკურ საკითხზე არ უნდა საუბრობდეს, მაგრამ ზოგჯერ გვინდა თუ არა, მაინც გვიწევს, რათა ჩვენი ქვეყნის ისტორია ტურისტებს ზუსტად დავუხატოთ“ - ამბობს ახალციხის ციხის გიდი ნანა მაისურაძე.

ნანამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და 1989 წლიდან ახალციხის ციხეზე გიდად მუშაობს. 30 წლის განმავლობაში უცხო ქვეყნის წამომადგენლებს საქართველოს ისტორიას რუსულ, ფრანგულ და ქართულ ენებზე უყვება და ცდილობს ზუსტი ინფორმაცია გაავრცელოს. ფრანგული ენის სწავლა ოთხი წლის წინ ინტერნეტის დახმარებით დაიწყო და ახლა უკვე გამართულად საუბრობს.

2018 წელს ნანამ კუთხის ისტორია 400 ჯგუფს გააცნო. ,,სკოლაში ისტორიას კარგად არ გვასწავლიდნენ, ამიტომ თავისუფალ დროს ისტორიულ ნაწარმოებებს ვკითხულობდი. სულ მაინტერესებდა საქართველოს ისტორია თუ ვინ ვართ ჩვენ“ - ამბობს ნანა მაისურაძე.



პოსტსაბჭოთა ქვეყნებისაგან განსხვავებით, გერმანელები სწორ ინფორმაციას ფლობენ, რაც გიდისთვის ხელახალ ახსნას არ მოითხოვს.

,,გერმანელები გათვიცნობიერებულები მოდიან, მათ გარკვეული ინფორმაცია ძეგლის შესახებ ყოველთვის აქვთ, თუმცა ინფორმაცია დამახინჯებული არაა“- ამბობს ახალციხის ციხის გერმანულ-ქართულენოვანი გიდი მარეხი ნებაძე.

პროფესიით გერმანული ენის ფილოლოგმა მარეხი ნებაძემ გიდად მუშობა 2012 წლიდან დაიწყო. სწავლა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2003 წელს დაიწყო, თუმცა გერმანიაში ვიზიტის გამო, დროებით შეაჩერა. 2007 წლიდან 2010 წლამდე გერმანულ ენას სრულად დაეუფლა და 2012 წლიდან ახალციხის ციხეზე გერმანელ ტურისტებს საქართველოს ისტორიას უყვება.

,,გიდობა სახალისოა და ბევრ კარგ რამეს ვსწავლობ, მუდმივად ვვითარდები. სასაცილო მომენტებიც ხშირია, თუმცა გახსენება მიჭირს“ - ამბობს მარეხი ნებაძე.



21 თებერვალს გიდების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით პროტესტის ნიშნად საქართველოს გიდების ასოციაციამ თბილისში აქცია გამართა. რომელსაც ახალციხისა და ვარძიის გიდებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ, არ მოხდეს საქართველოს რუკისა და სახელმწიფო სიმბოლიკის დასახიჩრება და ტურისტებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება. ქართველი გიდების უარყოფითი დამოკიდებულება რუსული კომპანიების მიერ გამოცემულმა რუქებმა გამოიწვია, სადაც საქართველოს ტერიტორია ოსეთისა და აფხაზეთის გარეშეა ნაჩვენები.

| Print |