საზოგადოება
უმცირესობების 41% ამბობს, რომ არასამთავრობოების შესახებ არაფერი იცის - კვლევის შედეგების პრეზენტაცია ახალციხეში
საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების, ევროინტეგრაციის და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება შეისწავლეს.
კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 37% მზადაა, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში გაწევრიანდეს, მათი დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან. 58% კი ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორში ყოფნა არ სურს, 5%-ს პასუხი არ აქვს.

სანდოობას ხელს უშლის ის, რომ საზოგადოებამ არ იცის ვისგან ფინანსდებიან ორგანიზაციები. 13% ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორი თანხას ქართული ბიზნესისგან და ხელისუფლებისგან იღებს, 45% მიიჩნევს, რომ ორგანიზაციები საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან.

არასამთავრობოების მუშაობაზე ყველაზე ნაკლები ინფორმაცია ეთნიკურ უმცირესობებს აქვთ - გამოკითხულთა 41% ამბობს, რომ ორგანიზაციების მიზნების შესახებ არაფერი იცის.

მოქალაქეთა აზრით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძირითადი მოვალეობა ადამიანის უფლებების დაცვა, იურიდიული დახმარება და ხელისუფლების საქმიანობის კონტროლია.

საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2 800 პირი. კვლევის შედეგების მიხედვით, დაბალია მოხალისეობა და სამოქალაქო ჩართულობა. თუმცა უმეტესობა ინფორმირებულია და პოზიტიურად აფასებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.

კვლევის შედეგები ახალციხეში, სამოქალაქო სექტორს გააცნეს. შეხვედრა „დემოკრატ მესხთა კავშირში“ გაიმართა.

კვლევა პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ოთხი პარტნიორი ორგანიზაცია ახორციელებს. სამცხე-ჯავახეთში მათ „დემოკრატ მესხთა კავშირი“ წარმოადგენს.

| Print |