საზოგადოება
ვალეში, წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ტენდერი 6 მლნ 400 ათას ლარზე გამოცხადდა
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას აპრილიდან იწყებს.

გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. ამ დროისთვის წინადადებების განხილვა მიმდინარეობს. გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია სამუშაოებს მიმდინარე წლის აპრილში დაიწყებს. 

ვალეს წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, ქალაქს წყალი დღის გამნავლობაში მხოლოდ ექვსი საათით მიეწოდება, დიდია წყლის დანაკარგიც. პროექტის დასრულების შემდეგ, 3 700-მდე ადგილობრივს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.

დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ცენტრალურ სათავე ნაგებობას, აშენდება ორი რეზერვუარი, მოეწყობა რვა ჭაბურღილი და მაგისტრალური მილსადენი. მოხდება აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი დაახლოებით 6,400,000 ლარით დაფინანსდება, სამუშაოების დასრულება 2020 წლის მაისში არის დაგეგმილი.

ვალის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას მრავალი წელია ითხოვს. ადგილობრივებმა საპროტესტო აქციები არაერთხელ გამართეს და პრობლემის მოგვარების მოთხოვნით ხელმოწერებიც შეაგროვეს.

www.tv9news.ge გთავაზობთ ერთერთ ვიდეომასალას არქივიდან.

| Print |