საზოგადოება
ნიკოლოზი, სალომე, მარიამი, ელენე, თამარი, ბარბარე და ლაზარე – კოპაძეთა მრავალშვილიანი ოჯახი ვალეში
ლეილა გიორგაძის ყოველი დღე ერთნაირად იწყება.  შვიდი შვილის დედა მეუღლესთან და მის მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

ლეილას დილა 6 საათზე იწყება. 36 წლის დიასახლისი შვილებსა და ოჯახს მარტო უვლის. უფროსი შვილი 16 წლის არის, პატარა ლაზარე – 1 წლის და 3 თვის.

,,ოჯახში 11 ადამიანი ვცხოვრობთ, ყველას განსხვავებული კერძები გვიყვარს. საჭმელი, რომელსაც ყოველთვის ვამზადებ შემწვარი კარტოფილია. ადვილი არ არის როცა მრავალშვილიანი დედა ხარ, მაგრამ ეს მაინც ყველაზე სასიამოვნო მოვალეობაა“ - ამბობს ოჯახის დიასახლისი.

20 წლის იყო პირველი შვილი რომ გააჩინა. ფიქრობდა, რომ იმდენ შვილს გაზრდიდა, რამდენსაც ღმერთი მისცემდა. ამბობს, რომ თვითონაც მრავალშვილიანი ოჯახიდან არის. მისმა მშობლებმა 6 შვილი გაზარდეს, თვითონ კი უკვე ერთით მეტი შვილის დედაა.

ბავშვების გაზრდისას ბევრი სირთულე შეხვდა, მათ შორის ფინანსურიც, მაგრამ დანარჩენი შვილების გაჩენის სურვილი არასოდეს დაჰკარგვია. ზოგჯერ ფიქრობს, რომ შვილებთან ერთად გაიზარდა. საუზმის შემდეგ ხუთ შვილს – ნიკოლოზს, სალომეს, მარიამს, ელენესა და თამარს სკოლაში ისტუმრებს, შემდეგ პატარას აჭმევს და ყანაში სამუშაოდ მიდის.




ლეილას ყოველ გაზაფხულზე კომბოსტოს ჩითილები გამოჰყავს, შემდეგ რგავს და მოსავალიც თავად მოჰყავს. ვალეში, ექთნის კურსები გაიარა, თუმცა პროფესიით არასდროს უმუშავია. ფიქრობს, რომ მრავალშვილიან ოჯახებს სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს და ასეთი ოჯახების წასახალისებლად სხვადასხვა პროგრამები ხორციელდებოდეს.

,,სახელწმიფო მხოლოდ პატარა შვილზე 200 ლარით გვეხმარება. სამსახურის გამო ოჯახიდან შორს წასვლა და იქ მარტო ყოფნა მიწევს. ლეილა სახლში რჩება და ყველაფერს თავად უძღვება, ვიცი ძნელია, თუმცა ჩვენ შვიდი შვილი გვაყავს და ეს შვილებისთვის უნდა გავაკეთოთ“ - ამბობს ლეილას მეუღლე, ზაზა კოპაძე.

კოპაძეების 11 სულიანი ოჯახი ერთერთია მათ შორის, ვინც ახალციხის მერიიდან დახმარებას იღებს. მერიაში განმარტავენ, რომ მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

2016 წელი – 287 ახალშობილი – 38 650 ლარი
2017 წელი – 365 ახალშობილი – 46 275 ლარი
2018 წელი – 403 ახალშობილი – 60 875 ლარი

ვიცემერი გურამ მელიქიძე განმარტავს, რომ 2019 წელს დაბადებულთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების თანხა კიდევ უფრო გაიზარდა და წლიურად 70 000 ლარს შეადგენს.

საქართველოში 3 მარტი დედათა დღეა. მისი აღნიშვნა ქვეყანაში 1999 წლიდან დაიწყო.
| Print |