საზოგადოება
"წყალი გვექნება, კანალიზაციის სისტემა არა" - ვალეს მოსახლეობა
ვალეში, სტალინის ქუჩაზე მაცხოვრებლებს 30-40 წუთი აქვთ, რომ მთელი დღის სამყოფი წყალი მოიმარაგონ. ამ დროში ადგილობრივები რეზერვუარებს ავსებენ. სასმელი წყალი ქალაქის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული გრაფიკით მოდის. 

ზოგიერთ ქუჩაზე წყალი მხოლოდ უბანში, წყაროზე მოდის და მაცხოვრებლები სათლებით ეზიდებიან.

ვალელების კიდევ ერთი პრობლემა კანალიზაციაა. ქალაქის დიდ ნაწილში წყალანირების სისტემა არასდროს ყოფილა.



"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქალაქ ვალეში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას იწყებს. სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი 6 მლნ. 371 659 ლარზე გამოცხადდა. ყველაზე დაბალი ფასი შპს "ალგეთმა" შესთავაზა. ამჟამად პრეტენდენტის შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 2019 წლის წლის აპრილში უნდა დაიწყოს და 14 თვეში დაასეულოს.

"ვალეს წყალმომარაგების სისტემა ამორტიზებულია, ქალაქს წყალი დღის გამნავლობაში რამდენიმე საათით მიეწოდება, დიდია წყლის დანაკარგიც", - აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში, სადაც ირწმუნებიან, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ მოსახლეობას უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.

წყლის სისტემის რეაბილიტაცია რომ იწყება, ვალეში ადგილობრივებმა უკვე გაიგეს. მათი ნაწილი მიწის ქვეშ წყლის მილებთან ერთად, სანაკალიზაციო სისტემის გაყვანასაც ითხოვს.
სასმელი წყალი მუდმივად რომ გვექნება კარგია, მაგრამ სად უნდა წავიდეს მოხმარებული წყალი? წლებია ტაშტებით დავრბივართ“.

„თუ მაინც მთელი დასახლება და გზები უნდა გადათხარონ, ბარემ კანალიზაციის მილებიც ჩააწყონ“, -
ამბობენ ვალელები.

"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" არ საუბრობენ, რატომ არ ხდება წყლის სისტემასთან ერთად კანალიზაციის სისტემის მოწყობაც.

"დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტერდება წყლის არსებულ ცენტრალურ სათავე ნაგებობას, აშენდება ორი რეზერვუარი, მოწყობა რვა ჭაბურღილი,და მაგისტრალური მილსადენი. მოხდება აბონენტების ინდივიდუალური გამრიცხველიანება", - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მხოლოდ წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე საუბრობენ და სამუშაოების დასრულებას 2020 წლის მაისში პროგნოზირებენ.

ამავე კითხვით ახალციხის მერიას მივმართეთ. სცადა თუ არა კომპანიასთან მოლაპარაკება წყლის სისტემასთან ერთად საკანალიზაციო სისტემის მოწყობაზეც, როდის იგეგმება წყალანირების ქსელის მონტაჟი ან სად წავა ვალეში მცხოვრები 5 700-მდე ადგილობრივის მოხმარებული წყალი - კითხვებზე პასუხს ამ დრომდე ველით.



მანამდე კი სატენდერო დოკუმენტაცია „დემოკრატ მესხთა კავშირში“ შეისწავლეს. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ წყლის სისტემის მოწყობის პარალელურად, საკანალიზაციო ქსელის მონტაჟიც უნდა მოხდეს. ამით ადგილობრივების პრობლემაც მოგვარდება და ბიუჯეტიდანაც ნაკლები თანხა დაიხარჯება. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“ იშველიებს, სადაც 16-ე მუხლის მიხედვით, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების ნაწილია წყალმომარაგების და წყალანირების უზრუნველყოფა.

„წყლის სისტემის რეაბილიტაციას მივესალმებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ თუ მუნიციპალიტეტი საკუთარ ინიციატივას და პროექტს წარუდგენს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“, ისიც დათანხმდება. ორივეს ინტერესებში შედის ამის გათვალისწინება“, - ამბობს ჯაბა ნათენაძე.



თუ თვითმმართველობა სამოქალაქო სექტორის ინიციატივას არ გაითვალისწინებს, „დემოკრატ მესხთა კავშირი“ პეტიციის შედგენას გეგმავს. ამ შემთხვევაში, საკანალიზაციო ქსელის მოწყობის საკითხის განხილვას, ადგილობრივი მოსახლეობა ხელმოწერებით მოითხოვს.

ჩვენ ყველანაირ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ მუნიციპალიტეტმა ადგილობრივების მოთხოვნები გაითვალისწინოს“, - ამბობს ჯაბა ნათენაძე.
| Print |