საზოგადოება
გაფიცვა ერთი დღით - სამცხე-ჯავახეთში სოცმუშაკებს სამსახურში დაბრუნება მოუწიათ
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაფიცული სოცმუშაკები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. აღმოჩნდა, რომ ექვსივე მათგანის ხელმოწერა, რომლის საშუალებითაც გაფიცვას უერთდებოდნენ, დაიკარგა. სამსახურში გამოუცხადებლობა კი არასაპატიო მიზეზად ჩაეთვლებოდათ.

სოცმუშაკებს კამერასთან საუბარი არ სურთ და მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ სამსახურს დაუბრუნდნენ.

რეგიონში ცხრა სოცმუშაკია, ამათგან არ გაფიცულა ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ადიგენის სოცმუშაკები.

მათი ხელფასი საშუალოდ, 600 ლარია. სოციალური მომსახურების სააგრნტოში ამბობენ, რომ მათი სამუშაო პირობები მართლაც რთულია, თუმცა განმარტავენ, რომ ცვლილებები უკვე დაიწყო.

"შეგვპირდნენ, რომ სოცმუშაკებს უზრუნველყოფენ ტრანსპორტით, რაც საქმიანობას გაუადვილებთ. ასევე ისეთი საქმიანობა, რომელიც ხელს უშლიდა სოციალურ მუშაკს სრულყოფილად გაეკეთებინა თავისი საქმე, მაგალითად ვაუჩერების ბეჭდვა და განცხადებების მიღება, ეს საქმიანობები ჩამოშორდათ. გვეუბნებიან, რომ საპროცესო წარმომადგენელსაც დაუმატებენ. სააგენტოს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია", - აცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსი.

დავით გოგალაძის თქმით, რეგიონში სოცმუშაკების რაოდენობა 13-მდე გაიზრდება და ახალქალაქის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში ორი სოცმუშაკი იქნება. კონკურსი უკვე გამოცხადებულია.

| Print |