საზოგადოება
"მამა-პაპის მიწას მართმევენ მუქთად" - არალში ხიდის მშენებლობა მოსახლეობასან შეთანხმების მიღწევამდე შეჩერებულია
ადიგენის სოფელ არალში ხიდის მშენებლობა რამდენიმე თვეა შეჩერებულია. ახალი გზა ადგილობრივების მიწის ნაკვეთებზე გადის, ამ დრომდე კი საავტომობილო  გზების დეპარატამენტმა და მეპატრონეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

"რეალურად 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მაქვს. აქაურობას ვთიბავდი და ხილის ბაღი მქონდა. მიზერულ თანხას მაძლევენ, კვადრატულ მეტრში 3,30 თეთრს გადაგიხდითო. მეუბნებიან ჯერ ეგ მოგვეცი და დანარჩენ ტერიტორიას რომ გაიფორმებ, იმას მერე აგინაზღაურებთო. მაგრამ ხრეშს თუ დაყრიან და გზას გაიყვანენ, ჩემი ნაკვეთის საზღვარი აღარ გამოჩნდება. შემოდგომის მერე მიდის ეს მოლაპარაკება. მთლიან ნაკვეთში და 10 ხეში 1 983 ლარს მთავაზობენ", - გვითხრა ერთ-ერთმა მეპატრონემ.

მშენებელ კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მოსახლეობასთან მოლაპარაკება დასრულებულია და მშენებლობა უახლოეს დღეებში გაგრძელდება.

"ხიდი აშენებულია, გზის ნაწილია დარჩენილი. მიწის ნაკვეთებზე ხრეში უნდა დავყაროთ და გზა გავიყვანოთ. ახლა ტერიტორიის გამოსყიდვა მიდის. როგორც ვიცით შეთანხმება ყველასთან მიღწეულია. მოსახლეობასთან მოაგვარებენ საკითხს და გავაგრძელებთ მუშაობას. პროექტის დასრულების ვადა აპრილის ბოლომდეა, ამ ვადაში ჩავეტევით", - გვითხრა "ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენის" სამუშაოების ხელმძღვანელმა ჭოლა ვაშაკიძემ.

საავრომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ მიწის ფასი დამოუკიდებელმა კომპანიამ დაადგინა. ამ ეტაპზე მესაკუთრეებთან მოლაპარაკებები გრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, სახელმწიფო ექსპროპრიაციის გზას, ანუ იძულებით ჩამორთმევის მიმართავს.

"სანამ ექსპროპრიაცია დაიწყება, მანამდე მოლაპარაკების ყველა ბერკეტი უნდა ამოიწუროს. ასეთ დროს მიწის ფასს მოსამართლე დაადგენს და ტერიტორია სასამართლოს ძალით ჩამოერთმევა. ასეთ შემთხვევებში, სასამართლო ძირითადად, უფრო დაბალ ფასს ადგენს", - განმარტავენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

უწყებაში ამბობენ, რომ მოქალაქეს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება შეუძლია. მის შედეგს და მეპატრონის საჩივარს კი გზების დეპარტამენტი განიხილავს.
| Print |