საზოგადოება
ახალციხეში აუტიზმის მსოფლიო დღე აღნიშნეს
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს ახალციხეში. ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პირველი და მეხუთე სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. ცენტრის წარმომადგენლებმა აუდიტორიას აუტიზმის მქონე ცნობილ ადამიანებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრაზე აუტიზმის სპექტრის გამოვლინების შესახებ იმსჯელეს. მოსწავლეებს უჩვენეს დოკუმენტური ფილმი, როგორ რეაგირებენ აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანები გარემო პირობებზე.

ცენტრის ხელმძღვანელის ელისო თათეშვილის თქმით, მთავარი გამოწვევა აუტიზის სპექტრის შესახებ ნაკლები ინფორმაციაა.

ღონისძიებამდე უფროსკლასელებმა ახალციხის ცენტრალურ პარკში, საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს. აქტივობის მიზანი აუტიზმის შესახებ მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება იყო.

აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით. აუტიზმი უფრო ხშირია, ვიდრე ბავშვთა ასაკში გამოვლენილი ისეთი ცნობილი დაავადებები, როგორიც არის ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი და სიმსივნე.

| Print |