საზოგადოება
ეთნიკური უმცირესობების 61,5% უპირატესობას რუსულ „ოდნოკლასნიკებს“ ანიჭებს - კვლევის შედეგების პრეზენტაცია ახალციხეში
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების უმეტესობა სოციალური ქსელებიდან უპირატესობას „ოდნოკლასნიკებს“ ანიჭებს (61,5%). ფოკუს ჯგუფების მონაწილეებიდან ფეისბუკს 25,6%, გაზეთებს, ტელევიზიასა და რადიოს 12,9% იყენებს. ეს შედეგები „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევაშია მოცემული.

„საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“ - ასე ჰქვია კვლევას, რომელიც 2018 წლის 1 მაისიდან 15 ნოემბრამდე უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ჩატარდა.

კვლევის ფარგლებში მოხდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მაცხოვრებლების ინფორმაციის ძირითადი წყაროების გამოვლენა. ესენი კი რუსულენოვანი არხები არიან. მკვლევარებმა შეისწავლეს ის მედია გზავნილები, რომლებიც ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს.

კვლევის საგანი იყო გაერკვიათ, თუ რამდენად ასრულებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ უმცირესობების ინფორმირების თაობაზე. ასევე შეისწავლეს ამ თემისთვის დათმობილი დრო, თემატიკა, პირდაპირი და ირიბი გაშუქება და ტონალობა.

გამოწვევებიდან გამომდინარე, შემუშავდა რეკომენდაციები საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლების, მედია საშუალებებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია ახალციხეში „დემოკრატ მესხთა კავშირში“ გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, თვითმმართველობის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

| Print |