საზოგადოება
ქვემო ენთელის მოსახლეობა სასმელად ვარგის წყალს ითხოვს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ენთელის მაცხოვრებლები სასმელი წყლის ხარისხის გამო ჩივიან. სოფელი პრობლემის მოგვარებას ითხოვს.
ირაკლი ტეფნაძეს ყოველდღე ორი კილომეტრის გავლა უწევს, რათა სახლში სასმელად ვარგისი წყალი მიიტანოს. სოფელში ამბობენ, რომ გაუფილტრავ წყალს მიწა და ტალახი ხშირად მოჰყვება. ადგილობრივები შიშობენ, რომ სასმელი წყლის ლაბორატორიულად შემოწმება არ ხდება, რის გამოც მოსახლეობა საფრთხის წინაშე დგას. გარდა ამისა, ზაფხულში მცირე დებეტის გამო წყალიც შრება და მოსახლეობას სასმელთან ერთად სარწყავი წყლის პრობლემაც ექმნება.  

,,სოფელში სასმელი წყლის პრობლემა გვაწუხებს, იმდენად დაბინძურებული წყალი მოდის, რომ ჭუჭყს თვალით ვხედავთ“ - ამბობს სოფელ ქვემო ენთელის მაცხოვრებელი ნონა ათოშვილი.

,,ბალონებით დავდივართ, საათობით რიგში ვდგავართ, რომ სასმელი წყალი სახლამდე მივიტანოთ“ - ამბობს TV9NEWS.GE –სთან ნოდარ ობოლაძე. 

სათავე ნაგებობა, საიდანაც სოფელი წყლით მარაგდება თრიალას ტბების მიმდებარე ტერიტორიაზეა.



ადიგენის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი მამუკა დემეტრაძე ადასტურებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი შემოწმება და გაფილტვრა არ ხდება, რადგან ამისათვის საჭირო არც ლაბორატორია აქვთ და არც კვალიფიციური კადრები არ ჰყავთ.

„გაფილტვრას ვერ ვახერხებთ, მხოლოდ მომსახურებას ვუწევთ, რაც ცენტრალური მილის დაზიანების შემთხვევაში მის შეკეთებას გულისხმობს. კომუნისტების დროიდან მოყოლებული სოფელში საკმარისი წყლის დებეტი არ არის“ – აცხადებს მამუკა დემეტრაძე.

სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას სოფელი დაახლოებით ნახევარი საუკუნეა ითხოვს. ამბობენ, რომ საკითხის გადაჭრაში დახმარებას თითქმის ყველა ხელისუფლება პირდება, თუმცა უშედეგოდ. სოფლის მაცხოვრებლებმა პრობლემის გადაჭრა თავადაც რამდენჯერმე სცადეს. ნოდარ ობოლაძემ 2006-2012 წლებში სარწყავი წყლის შესახებ პროექტი შეიმუშავა და თბილისში გააგზავნა. ამბობს, რომ ,,იდეა მოეწონათ, მაგრამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო თანხა 300 000 ლარის ოდენობით ვერ გამონახეს". სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას სოფელ ქვემო ენთელის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ათოშვილიც ცდილობს. სამოქალაქო განათლების პედაგოგი მოსწავლეებთან ერთად პროექტზე მუშაობს.

,,ჩვენი მიზანია სოფელს გაფილტრული და სასმელად ვარგისი წყალი მიეწოდოს. ამიტომ, პროექტზე მუშაობა დავიწყეთ და გამგეობასთან თანამშრომლობას ვგეგმავთ. ჩვენი მოთხოვნაა ფილტრების დაყენება“ - ამბობს სკოლის პედაგოგი.

ნანა ათოშვილი ამბობს, რომ სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებში კუჭ-ნაწლავის პრობელემებიც გახშირდა. ამიტომ, ახალგაზრდებთან ერთად სოფელში საინფორმაციო აქციის გამართვას აპირებს, სადაც მოსახლეობას ინფორმაციას ტრანსფარანტების საშუალებით მიაწვდის იმის შესახებ, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმში გაუფილტრავი წყლის მიღებამ.

| Print |