საზოგადოება
,,გარშემო, ყველგან სისხლი იყო“ - მოვლენები 9 აპრილიდან


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსიტიტუტის, პედიატრიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი დავით ფეიქრიშვილი 9 აპრილის მოვლენების დროს ერთ-ერთი მეთაური იყო.

მისი თქმით, გამოსვლები თავდაპირველად სწორედ ამ უნივერსიტეტთან 4 აპრილს მოეწყო, მოგვიანებით მათ სხვა უნივერსიტეტებიც შეუერთდნენ და აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს. დავითი იხსენებს, რომ ამ მოვლენამ მისცა მძლავერი ბიძგი იმ ტალღას, რომელიც მოგვიანებით ცუნამად გადაიქცა და საბჭოთა კავშირი დაანგრია.

,,ჩვენ იმ პერიოდში გავიზარდეთ, როდესაც სამშობლოს დამოუკიდებლობაზე წარმოდგენაც არ გვქონდა. ჩვენი თვითშეგნება 9 აპრილის მოვლენებმა შეცვალა. ამ ყველაფერს სამშობლოსადმი ჩვენი რწმენითა და სიყვარულით ვაკეთებდით“ - იხსენებს 9 აპრილის მონაწილე დავით ფეიქრიშვილი.



ბრძოლის ერთერთი მონაწილე იყო როინ თაქთაქიძეც. იხსენებს, რომ ის ღამე საშინელება იყო. გარშემო თავდასხმა, სისხლი, გასაქცევ ადგილს ეძებდნენ. მაშინდელმა პოლიციამ კორდონი გაუკეთა და ქაშუეთისკენ გაიქცნენ. მოსახლეობა უწმინდესისა და უნეტარესის მოთხოვნას არ დაემორჩილა, რადგან დიდი იყო სულისკვეთა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის.

,,დღეს, იმ დაღუპული ახალგაზრდების გამო, ერთდროულად სიამაყეს და ტკივილს ვგრძნობ. ამაყი ვარ, რომ მეც მათ შორის ერთ-ერთი მებრძოლი ვარ. დღეს, მხოლოდ სიტყვებით გამოხატავენ პატივისცემას. დღევანდელი შეხვედრა კომუნისტურ შეხვედრას დაემსგავსა. ამას სხვანაირი ორგანიზება სჭირდება, ეს ყველაფერი დარბაზშიც მოხდებოდა პარტიულ კრებაზე. იმ ადამიანებს, ვინც ომი გამოიარა არ აფასებენ, ჩვენ მხოლოდ იმ 21 ადამიანს მივაგებთ პატივს. მომავალი თაობა მაშინ იქნება სამშობლოსადმი სულისკვეთებით განმსჭვალული, როცა დაინახავს, რომ მისი წინაპარი იბრძოდა და ღირსეულად დააფასეს. მომვალი თაობის სწორად აღზრდისათვის ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული“ - ყვება TV9news.ge-სთან სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომის მონაწილე როინ თაქთაქიძე.



ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გურამ მელიქიძე ფიქრობს, რომ 9 აპრილის მოვლენების შესახებ აუცილებელია მოსახლეობას მუდმივად ახსენებდნენ და დაღუპული გმირების მიმართ მადლობას გამოხატავდნენ.



9 აპრილის მოვლენებში 4 000-მდე მოქალაქე მონაწილეობდა, მათგან 21 - ბრძოლას შეეწირა. ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა.

| Print |