საზოგადოება
14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება
14 აპრილს საქართველოში "დედაენის დღე" აღინიშნება. 1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

დისიდენტებმა, სტუდენტებმა, ქართული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მასობრივი საპროტესტო შეკრებები და გამოსვლები დიწყეს, რომლის კულმინაციაც 14 აპრილს, თბილისის უნივერსიტეტის ეზოდან რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უზენაესი საბჭოს (ამჟამად პარლამენტის) შენობამდე მოწყობილი მსვლელობა და მრავალათასიანი მიტინგი გახდა. მსგავსი ვითარება იყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი "დედაენის დღედ" გამოცხადდა.
| Print |