საზოგადოება
ვარძიაში კომპანია "ნიალამ" მშენებლობა შეაჩერა
"ვიწრო ინტერესების გამო მნიშვნელოვანი პროექტი არ უნდა შეჩერდეს" , - აცხადებს მეცხრე არხთან კომპანია „ნიალას“ თანამფლობელი, რომელსაც ვარძიის მოპირდაპირედ 120-ადგილიანი სასტუმროს აშენება სურს.

ემზარ ასპანიძისთვის გაუგებარია, რატომ არ გასცემს ნებართვას ძეგლთა დაცვის სააგენტო ვარძიაში 120-ადგილიანი მიწისქვეშა სასტუმროს მშენებლობაზე, მაშინ როცა ქვეყანაში დეცენტრალიზაციის პროცესი დაწყებულია, პროექტს კი მხარს უჭერს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია და მხარის გუბერნატორი.

პროექტის მიხედვით, სასტუმრო მესხური სოფლის ანალოგი უნდა ყოფილიყო. საგენტოს მიერ შეჩერებული მშენებლობა კომპანია ,,ნიალამ“ ვარძიის ისტორიული კომპლექსის მოპირდაპირე მხარეს 13 873 კვადრატული მეტრი აუქციონის წესით 2015 წელს შეიძინა. ემზარ ასპანიძისა და სოსო ორჯონიკიძის კომპანიამ ნებართვისთვის ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2018 წელს მიმართა. სააგენტოსგან ნებართვა კი მხოლოდ ტერიტორიის გამწვანებაზე მიიღო.

გააგრძელებს თუ არა „ნიალა“ სამშენებლო სამუშაოებს, რომლის მფლობელები მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერი სოსო ორჯონიკიძე და ასპინძის ყოფილი გამგებელი ემზარ ასპანიძე არიან, ამის შესახებ გადაწყვეტილება, ძეგლთა დაცვის სააგენტომ უნდა მიიღოს.

ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენერალური გეგმის შემუშავებამდე მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა. ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორის თქმით, გენგეგმის დამუშავების პროცესი 2014 წელს დაიწყო და სავარაუდოდ, ორ წელში დასრულდება.

ვის ინტერესებს ხედავს ემზარ ასპანიძე მიმდინარე პროცესებში - თემაზე „მეცხრე არხი“ მუშაობს და ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

| Print |